პოლონელი დიპლომატი – ვიღაცები ამბობენ, თუ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ეს ტერიტორიების დაკარგვას ნიშნავს, ჩემთვის ეს ნიშნავს პირველ ნაბიჯს ქვეყნის ტერიტორიული რეინტეგრაციისკენ
ვიღაცები ამბობენ, თუ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ეს ტერიტორიების დაკარგვას ნიშნავს, ჩემთვის ეს ნიშნავს პირველ ნაბიჯს ქვეყნის ტერიტორიული რეინტეგრაციისკენ, – ამის შესახებ პოლონელმა დიპლომატმა, ანჟეი კლიმჩუკმა დისკუსიაზე „ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და გამოწვევები: ფიქრი და განსჯა“ განაცხადა.
„ორი კვირის წინ, მაკკეინის კონფერენციაზე ჩვენ ვსაუბრობდით ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივაზე, ნატო-ში საქართველოს შესაძლო მიღებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ჩვენ, ნატო ვიძლევით გარანტიას საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა ამ საკითხზე სერიოზულ დისკუსიას მე ვერ ვხედავ, რადგან ვიღაცები მხოლოდ ლაპარაკობენ: თუ ჩვენ გავხდებით ნატო-ს წევრები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ეს ტერიტორიების დაკარგვას ნიშნავს. ჩემთვის კი ეს ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული რეინტეგრაციის. ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალშიც ვისურვებდი დისკუსიას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი წლის შემდეგ თქვენ არჩევნები გექნებათ და კარგი იქნებოდა, მომავალ პარლამენტარებს, სერიოზულ პოლიტიკურ ძალებს უკვე ახლა შეეძლოთ ამ თემაზე დაფიქრება, რათა მომავალში საზოგადოებას რაიმე შესთავაზონ“, – განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.
ანჟეი კლიმჩუკის თქმით, ის მომხრეა, საქართველომ რაც შეიძლება მეტად განავითაროს ურთიერთობა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან.
„ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს მნიშვნელოვანი წევრი და საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულების სტრატეგიული პარტნიორია. თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ საქართველომ არ უნდა დაივიწყოს სხვა ქვეყნებიც. ჩემი ქვეყანა, პოლონეთი ნატო-ს იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. მოდით, ვიმუშაოთ ქვეყნებთან, რომლებსაც საქართველოსთან პოტიზიური ურთიერთობები აქვთ. ვიცით, რომ არსებობს ნატო-ს რამდენიმე წევრი, რომლებიც დღეს საქართველოს მხარს არ უჭერენ. შესაძლოა მოხდეს ისე, რომ რამდენიმე წელში მხარდაჭერა გამოაცხადონ. სწორედ ამიტომ, საჭიროა პარალელურად ამ ქვეყნებთან მუშაობა არა მხოლოდ ბრიუსელსა და საქართველოში, არამედ მათ დედაქალაქებშიც. იქ თქვენი დიპლომატები, წარმომადგენლები აქტიურად უნდა მუშაობდნენ.
ჩემი რეკომენდაცია იქნება – არ უნდა დაივიწყოთ, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დღეს ბოლომდე თანახმა არ არიან, ისაუბრონ ნატო-ში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. ამაზე უნდა იმუშაოთ. ყურადღება არ უნდა მიაქციოთ მხოლოდ რუსეთს, თქვენ გყავთ სხვა მეზობლები. მაგალითად, გაქვთ პრობლემა დავით გარეჯთან დაკავშირებით. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ გადავწყვეტთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს, შესაძლოა, უცებ ნატო-ს წევრმა რომელიმე ქვეყანამ დასვას კითხვა: ბოდიში, საქართველოს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. მე მხოლოდ ერთი მაგალითი მომყავს. თქვენ არ გაქვთ სომხეთთან არსებულ საზღვართან დელიმიტაციის საკითხი ბოლომდე მოგვარებული. ამ თემებზე უნდა იმუშაოთ“, – განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.