„პოლიტიკო“ – ვატიკანი ევროკავშირს ომის საკითხებში ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

12:54, 28.06.2026
ვატიკანი

ვატიკანი

რომის პაპ ლეო XIV-ის მიერ მოწვეულ კარდინალთა დახურულ კონფერენციაზე, რომელიც თანამედროვე ომებსა და კონფლიქტებისადმი იყო მიძღვნილი, ვატიკანის დოქტრინის ხელმძღვანელმა ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის შერჩევით გამოყენებაში დაადანაშაულა.

კონფერენცია რომის პაპმა მოიწვია იმის განსახილველად, თუ როგორ უნდა უპასუხოს კათოლიკურმა ეკლესიამ მზარდ სამხედრო დაპირისპირებებს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რომის პაპ ლეო XIV-ის მცდელობა, გადახედოს ტრადიციულ „სამართლიანი ომის“ დოქტრინას. რომის პაპის თქმით, ეს პრინციპი ხშირად გამოიყენებოდა სამხედრო მოქმედებების გასამართლებლად.

კონფერენციის გახსნისას, კარდინალმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა განაცხადა, რომ მთავრობები სულ უფრო ხშირად იყენებენ მორალურ და სამართლებრივ პრინციპებს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

„თუ რომელიმე ქვეყანა მტერია, მას არადემოკრატიულად აცხადებენ და სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ. მაგრამ თუ ის მოკავშირეა, იგნორირებულია ის ფაქტი, რომ მას შეიძლება აკლდეს სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა ან დემოკრატია“, – განაცხადა ფერნანდესმა.

ამასთან, ფერნანდესმა ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა.

„სინამდვილეში, ევროკავშირი ერთ ქვეყანას ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, ხოლო მეორეს ფინანსურ დახმარებასა და იარაღს უგზავნის. თუმცა იმავე მიდგომას არ იყენებს სხვა, შესაძლოა უფრო მძიმე შედეგების მქონე და უფრო სასტიკი შეჭრების მიმართ“, – განაცხადა ფერნანდესმა.

ფერნანდესის თქმით, მსგავსი წინააღმდეგობები აჩვენებს, რომ საერთაშორისო რეაქციები ხშირად სხვადასხვა რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებით არის განსაზღვრული და „აღარ არსებობს რეალური და სტაბილური ჩარჩო საერთო ღირებულებებისა და ჭეშმარიტების საფუძველზე“.

კარდინალმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნები ომებში საკუთარი თავის დაცვის უფლებას ზედმეტად ფართოდ განმარტავენ. მაგალითად მოიყვანა რუსეთი, შეერთებული შტატები და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც მისი თქმით, თავდაცვის არგუმენტს სამხედრო ჩარევების გასამართლებლად იყენებენ.

ფერნანდესის განცხადებით, „სამართლიანი ომის“ შესახებ კათოლიკური სწავლება ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება „ყველაზე უსამართლო ომების“ გასამართლებლად.

„ომების შეჩერების ნაცვლად, ის მათ გამართლებაში ეხმარება“, – განაცხადა ფერნანდესმა.

მისი თქმით, ლეგიტიმური თავდაცვის პრინციპი უნდა განიმარტოს „ყველაზე მკაცრი გაგებით“ და არ უნდა გამოიყენებოდეს პრევენციული ომების გასამართლებლად, რასაც ზოგიერთი სახელმწიფო სამხედრო მოქმედებების დასაწყებად მიმართავს.

ვატიკანის განცხადებით, კარდინალთა ჯგუფებში ჩატარებული განხილვების შემდეგ ბევრმა მონაწილემ გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა ტრადიციული „სამართლიანი ომის“ დოქტრინის გადახედვა.

კარდინალებთან შეხვედრის დასრულებისას, პაპმა ლეო XIV-მ აღნიშნა, რომ დებატები ამ საკითხზე ჯერ კიდევ გრძელდება. რომის პაპის თქმით, „თანამედროვე კონფლიქტების ბუნების ღრმა ცვლილებების გათვალისწინებით“, მხარი დაუჭირა ეკლესიის სწავლებაში ლეგიტიმური თავდაცვის პრინციპის ხელახალ განხილვას.

მსგავსი