USAID-ის დახმარების გაყინვა აღმოსავლეთ ევროპაში რუსულ გავლენას უხსნის კარს. ვაშინგტონიდან დახმარების შემცირებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააძლიეროს მოსკოვის პოზიცია რეგიონში და საფრთხე შეუქმნას ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
როგორც „პოლიტიკოს“ სტატიაშია აღნიშნული, ტრამპის მიერ საგარეო დახმარების გაყინვა გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების დაფინანსების შეწყვეტას აღმოსავლეთ ევროპაში.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საგარეო დახმარების გაყინვა გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების დაფინანსების შეწყვეტას მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, რაც ძირს გამოუთხრის პროდემოკრატიულ ინიციატივებს და რუსეთს შეუქმნის ღია შესაძლებლობას, გააძლიეროს თავისი გავლენა რეგიონზე“, – წერს „პოლიტიკო“.
სტატიაში ნათქვამია, რომ მხოლოდ 2023 წელს USAID-მა ევროპას, დახმარების სახით, 17.2 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო. სტატიის თანახმად, ამ თანხის უდიდესი ნაწილი რუსეთთან მოსაზღვრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე მოდის. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს თანხა სააგენტოს მთლიანი დახმარების 40 პროცენტს შეადგენს და მიმართულია დემოკრატიული რეფორმების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაავადებათა პრევენციის პროექტების დასაფინანსებლად.
„ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა სომხეთი, საქართველო და უკრაინა, სადაც რუსეთის გავლენა დიდია, ვაშინგტონიდან დახმარების შემცირება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მოსკოვის პოზიციას და განამტკიცებს ნარატივს არასანდო დასავლელი პარტნიორების შესახებ“, – ნათქვამია სტატიაში.
„პოლიტიკოს“ ცნობით, USAID-მა 2023 წელს აღმოსავლეთ ევროპაში 16.8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო.
„მისი უდიდესი ნაწილი – 16.4 მილიარდი, უკრაინაზე მოდის, შემდეგ მოდის მოლდოვა 211.5 მილიონით და საქართველო 91.4 მილიონით. დახმარების უმეტესი ნაწილი მიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის პროექტებზე; გადაუდებელი დახმარება თითქმის მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო თითქმის ნახევარი მილიარდი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდა“, – წერს „პოლიტიკო“.
გამოცემის მიხედვით, უკრაინაში ათობით მედიასაშუალება, ასევე ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული იყვნენ სასამართლო რეფორმისა და კორუფციასთან ბრძოლაში, იძულებული გახდნენ, შეემცირებინათ ან საერთოდ შეეჩერებინათ მუშაობა. „პოლიტიკოს“ ცნობით, მათ ჯერ კიდევ არ იციან, განახლდება თუ არა მათი პროგრამები 90-დღიანი აუდიტის დასრულების შემდეგ, აპრილის შუა რიცხვებში.
„პოლიტიკოს“ ცნობით, სომხეთში USAID-მა 8.5 მილიონი დოლარი გამოყო, 100,000-ზე მეტი ეთნიკური სომეხის მხარდასაჭერად.
„USAID-ის სომხეთის წარმომადგენლობაში განმარტეს, რომ დახმარების შეჩერება ჰუმანიტარულ პროგრამებს ჯერ არ შეეხება, სხვა ინიციატივები კი, მათ შორის პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ არჩევნების გამჭვირვალობას, აძლიერებენ მედიალანდშაფტს და აუმჯობესებენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საფრთხის ქვეშაა. სააგენტომ 2023 წელს სომხეთში 71.7 მილიონი დოლარი გამოყო“, – აღნიშნულია „პოლიტიკოს“ სტატიაში.
„პოლიტიკოს“ სტატიაში ასევე განხილულია USAID-ის დახმარების გაყინვის პოტენციური შედეგები საქართველოსთვის და მოყვანილია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აშშ-ის დახმარების მიმღები მედიასაშუალებების კომენტარებიც. სტატიის თანახმად, „საქართველოში პრორუსულმა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად გამოიყენა დახმარების გაყინვა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების საქმიანობის შემდგომი შეზღუდვისთვის“. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, „მამუკა მდინარაძემ განაცხადა: მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის სკანდალმა აშკარა გახადა, რომ ჩვენ სრულად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა“.
„საქართველო უკვე რთულ მდგომარეობაშია, რადგან მთავრობამ მიიღო ეგრეთ წოდებული უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც ზღუდავს ყველა დემოკრატიულ მოძრაობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიას“, – განაცხადა „პოლიტიკოსთან“ საუბარში ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის, CEPS-ის წარმომადგენელმა, თინათინ ახვლედიანმა.
გამოცემის ცნობით, გიორგი გოგუამ, მულტიმედიური სტარტაპის Project 64-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ USAID-ის თანხა მისი 2025 წლის ბიუჯეტის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენდა.
„ეს იყო ჩვენი სტარტაპ კაპიტალი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, აღარ გვაქვს. გამოსავალს თუ ვერ მოვძებნით, იძულებული ვიქნებით, შევაჩეროთ ჩვენი ოპერაციები, ნაწილობრივ მაინც. ჯერჯერობით ვერ შევძელით ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება გასული თვის ბოლოს“, – აღნიშნა გოგუამ.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობის გეგმით, რომელიც უფრო შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს და საერთოდ აკრძალავს მედიის უცხოეთიდან დაფინანსებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფულის ახალი ნაკადები გამოჩნდეს. ეს მძიმედ დაარტყამს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, განსაკუთრებით ონლაინმედიას, რომელსაც უჭირს თავისი საქმიანობის კომერციალიზაცია პატარა ბაზრის გამო და რომელიც თითქმის მთლიანად უცხოურ ფულზეა დამოკიდებული“.
„ამ ეტაპზე არ გვაქვს მოლოდინი, რომ USAID-ის დაფინანსება გაგრძელდება. ვესაუბრებით ევროპელ დონორებს, რომ დაგვეხმარონ საგანგებო დაფინანსებით და შეავსონ ფინანსური ხარვეზი“, – განაცხადა გიორგი გოგუამ.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ვითარებაში რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს ევროკავშირის დახმარების იმედი აქვთ.
„ევროკავშირი უკვე არის რეგიონში დახმარების მთავარი გამცემი. 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანას – უკრაინას, საქართველოს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, ბელარუსსა და სომხეთს, 19.6 მილიარდი ევრო გამოუყვეს ორმხრივად ან ევროკავშირის ინსტიტუტების მეშვეობით, თუმცა აშშ-ის დაფინანსების ჩანაცვლება კიდევ მილიონების მობილიზებას მოითხოვს“, – წერს „პოლიტიკო“.
სტატიაში ნათქვამია, რომ „რეგიონის უმეტეს ქვეყნებში, უკრაინისა და მოლდოვის გარდა, ბრიუსელის დახმარება 2019-დან 2023 წლამდე შემცირდა, ნაწილობრივ შიდა კანონმდებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა პროევროკავშირის განწყობების ხელშემწყობი საქმიანობის შეზღუდვას“.
კომისიის სპიკერმა, გიიომ მერსიემ „პოლიტიკოსთნ“ საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ყურადღებით აკვირდება USAID-ის კრიზისს და დაელოდებიან, ვიდრე სიტუაციაში სიცხადე გაჩნდება. მერსიემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკვე იყო „წამყვანი დონორი“, მაგრამ „საერთაშორისო საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.
„ევროკავშირს არ შეუძლია ამ დაფინანსების ხარვეზის შევსება, რომელიც სხვებმა დატოვეს“, – განაცხადა მერსიემ.
ბრიუსელში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ ბრიუსელის უსაფრთხოების ინტერესებშია, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები არ გაქრნენ.
„ევროკავშირი თუ არ დადგება ამ საკითხის სადარაჯოზე და არ იმუშავებს პარტნიორობის უფრო მდგრადი მექანიზმებით, ის ვერ შეძლებს თავისი მიზნების მიღწევას“, – განაცხადა არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (European Center for Not-for-Profit Law Stichting) აღმასრულებელმა დირექტორმა, კატერინა ჰაჯი-მიცევა ევანსმა.