„პოლიტიკო” – უნგრეთ-რუსეთის შეთანხმების დეტალების გამოქვეყნების შემდეგ ევროკომისია აცხადებს, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია
უნგრეთ-რუსეთის შეთანხმების დეტალების გამოქვეყნების შემდეგ ევროკომისია აცხადებს, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია, – ამის შესახებ „პოლიტიკო” წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, ევროკომისიის წარმომადგენელმა, არიანა პოდესტამ აღნიშნა, რომ კრემლი ხშირად არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს.
„ჩვენი პოზიცია რუსეთის სანდოობასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა – ის არის არასანდო პარტნიორი. ეს განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში დავინახეთ“, – განაცხადა პოდესტამ.
როგორც „პოლიტიკო” იუწყება, გეგმაში, რომელსაც ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოაწერა, შედის რუსეთთან პარტნიორობა ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ნავთობის, გაზისა და ბირთვული საწვავის მიმართულებით, ორმხრივი ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობა და უარყოფითი ტენდენციების აღმოფხვრა, რომელიც ევროკავშირის სანქციების შედეგად გაჩნდა, თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, განათლება და კულტურა.
შეთანხმება ითვალისწინებს რუსი პედაგოგების მიწვევას უნგრული განათლების სისტემის გაძლიერებისთვის და აკადემიური პროგრამების გაცვლას. ამასთან, მოსალოდნელია ერთობლივი სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა.