„პოლიტიკო“ - ულტრაკონსერვატორები ვატიკანში ცვლილებების განხორციელებას იმედოვნებენ, სახელდება პაპობის რამდენიმე კანდიდატი
„პოლიტიკო“ - ულტრაკონსერვატორები ვატიკანში ცვლილებების განხორციელებას იმედოვნებენ, სახელდება პაპობის რამდენიმე კანდიდატი

ულტრაკონსერვატორები ვატიკანში ცვლილებების განხორციელებას იმედოვნებენ, სახელდება პაპობის რამდენიმე კანდიდატი, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

სტატიის თანახმად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ მემარჯვენეები ცდილობენ იმ ჯგუფზე გავლენის მოხდენას, რომელიც შემდეგი პაპის არჩევაში იღებს მონაწილეობას. როგორც მედია წერს, მკაცრი ხაზის გამტარებელი კონსერვატორი კათოლიკეების ჯგუფი ცდილობს, შემდეგი პაპი უკეთ შეესაბამებოდეს მათ მსოფლმხედველობას და, როგორც ჩანს, არ ეშინიათ ცილისწამების ტაქტიკის გამოყენების მათთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციის მიზნით.

„პოლიტიკოს“ მიხედვით, კარდინალები 7 მაისს სიქსტის კაპელაში შემდეგი პაპის ასარჩევად შევლენ, რის გამოც გარდაცვლილი პაპის, ფრანცისკეს მტრები, როგორც ამომრჩევლთა ჯგუფში, ასევე გარეთ, მობილიზებულები არიან.

„აქტიური ფრაქცია, რომელიც ფრანცისკეს ერეტიკოსად, ანტიპაპად და „ანტიქრისტედაც“ კი მოიხსენიებდა მისი, სავარაუდოდ, ლიბერალური შეხედულებების გამო, დროს ელოდებოდა. კონსერვატორები განარისხა ფრანცისკეს უფრო შემრიგებლურმა პოზიციამ ერთნაირსქესიანთა კავშირებსა და განქორწინებასთან, მიგრანტების დაცვასთან და ვატიკანის ჩინეთთან დადებულმა შეთანხმებამ, რომელიც პეკინს კათოლიკე ეპისკოპოსების დანიშვნის საკითხში ხმის მიცემის უფლებას აძლევს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ზოგიერთი კონსერვატორი გავლენიანი პირი ულტრამემარჯვენე კანდიდატებს უჭერს მხარს, როგორიცაა ყაზახეთის ეპისკოპოსი ათანასე შნაიდერი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპაში ლტოლვილები „მასობრივ შემოჭრას“ ნიშნავს, რაც ისლამიზაციას იწვევს. მისი აზრით, ეს არის პოლიტიკური ელიტების მიერ ორგანიზებული მოქმედება ევროპის ქრისტიანული იდენტობის შესამცირებლად. კონსერვატიული პარტიის სიებში სხვა კანდიდატები არიან: გვინეელი კარდინალი რობერტ სარა, ლათინური წირვის თვალსაჩინო მხარდამჭერი, და ამერიკელი კარდინალი რეიმონდ ბურკი, ტრადიციონალისტი, რომელმაც მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამომრჩეველ კარდინალთა 80% პაპ ფრანცისკეს მიერ არის დანიშნული. სტატიის თანახმად, კონსერვატორებს ასევე აბრკოლებთ ის ფაქტი, რომ არ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი. ვატიკანის სიქსტის კაპელაში 133 კარდინალი ჩაიკეტება და პაპის არჩევის ფარულ პროცესს დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ პროცესის დიდი ნაწილი საიდუმლოებითაა მოცული, ცნობილია, რომ ყოველდღიურად კენჭისყრის ოთხი რაუნდი იმართება მანამ, სანამ ერთი კარდინალი ხმების ორ მესამედს არ მიიღებს.

როგორც მედია წერს, ამ ეტაპისთვის პაპობის მთავარ კანდიდატებად რამდენიმე კარდინალი განიხილება. პირველი არის კარდინალი პიეტრო პაროლინი – 70 წლის ვეტერანი დიპლომატი, რომის პაპ ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი და, არსებითად, წმინდა საყდრის პრემიერ-მინისტრი იყო. დასავლური მედიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პაპ ფრანცისკესთან მჭიდრო კავშირში იყო, პაროლინი პიროვნებით გაცილებით თავმდაბალია და ლიდერობისადმი დიპლომატიური მიდგომით გამოირჩევა. მედია წერს, რომ მან იცის, სად შეიძლება დასჭირდეს კათოლიკურ ეკლესიას კურსის კორექტირება. პაროლინი ზედამხედველობდა წმინდა საყდარსა და ჩინეთს შორის ეპისკოპოსების ნომინაციასთან დაკავშირებულ საკამათო შეთანხმებას. ამასთან, ჩართული იყო, თუმცა ბრალი არ წაყენებია, ვატიკანის მიერ ლონდონის უძრავი ქონების საწარმოში ჩადებულ წარუმატებელ ინვესტიციაში, რამაც მილიონობით ევროს ზარალი გამოიწვია. პაროლინი, რომელიც პაპმა ბენედიქტ XVI-მ აკურთხა კარდინალად, კარგად იცნობს ლათინური ამერიკის ეკლესიას და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2014 წელს აშშ-კუბის დაძაბულობის შემსუბუქებაში, რასაც ვატიკანმა შეუწყო ხელი. 1980 წელს ხელდასხმის შემდეგ ის ორი წელი ჩრდილოეთ იტალიაში, მშობლიურ ქალაქთან ახლოს მღვდლად მსახურობდა, შემდეგ კი რომში წავიდა სასწავლებლად და ვატიკანის დიპლომატიურ სამსახურში შევიდა, სადაც მას შემდეგ დარჩა.

პაპობის კიდევ ერთი კანდიდატია კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე, რომელიც ბევრი ბუკმეკერის სიაშია, როგორც პირველი აზიელი პაპი. პაპმა ფრანცისკემ რომში ჩამოიყვანა მანილას პოპულარული მთავარეპისკოპოსი, რომელიც პაპმა ბენედიქტ XVI-მ კარდინალად დანიშნა, რათა ეხელმძღვანელა ვატიკანის მისიონერული ევანგელიზაციის ოფისისთვის, რომელიც ემსახურება კათოლიკური ეკლესიის საჭიროებებს აზიისა და აფრიკის დიდ ნაწილში. დასავლური მედიის თანახმად, მისმა როლმა კიდევ უფრო დიდი წონა შეიძინა, როდესაც პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის ბიუროკრატიის რეფორმა განახორციელა. ტაგლე ცნობილია, როგორც კარგი კომუნიკატორი და მასწავლებელი, რაც პაპისთვის მთავარი ატრიბუტია. აღსანიშნავია, რომ მემარჯვენე ვებგვერდმა, „ლაიფსაითნიუსმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კარდინალი ტაგლე ჯონ ლენონის მუსიკალურ კომპოზიციას, „იმეჯინს“ მღერის, რაც კრიტიკოსებმა ათეიზმად შეაფასეს.

პაპობის კანდიდატად განიხილება კარდინალი ამბონგო ბესუნგუ. პაპ ფრანცისკეს მიერ არჩეული ბესუნგუ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კათოლიკე ლიდერია. ის 2018 წლიდან კონგოს დედაქალაქის მთავარეპისკოპოსია, ხოლო 2019 წლიდან – კარდინალი. პაპმა ფრანცისკემ ის ასევე დანიშნა მრჩეველთა ჯგუფში, რომელიც ვატიკანის ბიუროკრატიის რეორგანიზაციაში ეხმარებოდა. კონგოსა და მთელ აფრიკაში ამბონგო ღრმად ერთგული იყო კათოლიკური ორთოდოქსობის მიმართ და კონსერვატორად ითვლება. 2024 წელს მან ხელი მოაწერა განცხადებას აფრიკისა და მადაგასკარის ეპისკოპოსთა კონფერენციების სახელით, რომლითაც უარს ამბობდა პაპ ფრანცისკეს განცხადების შესრულებაზე მღვდლებისათვის ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის კურთხევის მიცემის შესახებ.

პაპობის კანდიდატად მიიჩნევენ კარდინალ მატეო ზუპის. დასავლური მედიის თანახმად, ის, პაპ ფრანცისკეს მსგავსად, ქუჩის მღვდლად ჩამოყალიბდა, პაპმა კი ის სწრაფად დააწინაურა: თავდაპირველად, 2015 წელს – ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლონიის მდიდარი არქიეპარქიის მთავარეპისკოპოსად, ხოლო 2019 წელს კარდინალის წოდება მიანიჭა. ის მჭიდრო კავშირშია რომში დაფუძნებულ კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაცია „სანტ ეჯიდიოს თემთან“, რომელიც გავლენიანი იყო პაპ ფრანცისკეს დროს, განსაკუთრებით რელიგიათაშორისი დიალოგის საკითხში. ზუპი იყო სანტ ეჯიდიოს გუნდის წევრი, რომელმაც 1990-იან წლებში მოზამბიკში სამოქალაქო ომის დასრულების მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში პაპ ფრანცისკეს მშვიდობის წარმომადგენლად დაინიშნა. ის კიევსა და მოსკოვში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წმინდა საყდარს ომის დროს ოჯახებიდან რუსეთში წაყვანილი 19 000 უკრაინელი ბავშვის გათავისუფლებაში დახმარებისთვის მიმართა.

72 წლის კარდინალი პეტერ ერდო, რომელიც კოლეგების მიერ ცნობილია, როგორც ღრმა თეოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი, კონსერვატორებს შორის წამყვანი კანდიდატია. ის 2002 წლიდან ესტერგომ-ბუდაპეშტის მთავარეპისკოპოსის თანამდებობას იკავებდა, მომდევნო წელს კი იოანე პავლე II-მ კარდინალად აკურთხა. მან მონაწილეობა მიიღო ორ კონკლავში, 2005 და 2013 წლებში, რომლებიც პაპი ბენედიქტისა და პაპი ფრანცისკეს შესარჩევად გაიმართა. თეოლოგიისა და კანონიკური სამართლის დოქტორის ხარისხის მფლობელი ერდო ექვს ენაზე საუბრობს, დოქტრინული ორთოდოქსიის მომხრეა და იცავს ეკლესიის პოზიციებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა აბორტი და ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ერდომ 2015 წელს განაცხადა, რომ განქორწინებულ კათოლიკეებს ზიარების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიეცეთ, თუ ისინი ახალ ქორწინებაში სექსუალურ თავშეკავებას შეინარჩუნებენ. როგორც ტრადიციული ოჯახური სტრუქტურების დამცველმა, მან მონაწილეობა მიიღო 2014 და 2015 წლებში პაპ ფრანცისკეს ვატიკანის შეხვედრების ორგანიზებაში ოჯახთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ერდო უნგრეთის მღელვარე პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან თავს იკავებს, მას მაინც მჭიდრო ურთიერთობა აქვს ქვეყნის მემარჯვენე მთავრობასთან, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიებს უხვ სუბსიდიებს აძლევს.