„პოლიტიკო“ – უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ დათანხმდება ევროკავშირის წევრობის ისეთ მოდელს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის ბაზარზე გარკვეული პროდუქტების გაყიდვას სამუდამოდ შეუზღუდავს

00:04, 07.10.2026

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტარას ვისოცკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „ვერ დათანხმდება“ ევროკავშირის წევრობის ისეთ მოდელს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის ბაზარზე გარკვეული საკვები პროდუქტების გაყიდვას სამუდამოდ შეუზღუდავს.

„ჩვენთვის არსებობს ფუნდამენტური განსხვავება გარდამავალ პერიოდსა და მუდმივ შეზღუდვას შორის. უკრაინა მზად არის პირველისთვის. მუდმივი შეზღუდვა კი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის არსს“, – განუცხადა ვისოცკიმ „პოლიტიკოს“.

ვისოცკის თქმით, უკრაინას შეუძლია, დაეხმაროს ევროკავშირს, შეამციროს მესამე ქვეყნებიდან ისეთი საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება, როგორებიცაა სასუქები და ცხოველების საკვებად გამოყენებული ლიზინი. ამასთან, უკრაინას შეუძლია, ევროკავშირის მწარმოებლებს შავი ზღვის გავლით საექსპორტო მარშრუტებზე უკეთესი წვდომა მისცეს.

ვისოცკის განცხადებით, უკრაინა ასევე შეიძლება, გახდეს საკვების გადამამუშავებელ საწარმოებში ინვესტიციების განხორციელების ადგილი.

„ჩვენი მიზანია, ევროკავშირში გაწევრიანების მომენტისთვის გვქონდეს ისეთი სექტორი, რომელიც ევროპას არა მხოლოდ მარცვლეულსა და სხვა ნედლეულს, არამედ ცხოველების საკვებს, ინგრედიენტებს, გადამუშავებულ პროდუქტებსა და ბიოსაწვავსაც მიაწვდის“, – აღნიშნა მინისტრმა.

ვისოცკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა მზად არის გარდამავალი პერიოდებისთვის, რაც შეიძლება მოიცავდეს ფერმერებისთვის მხარდაჭერის ეტაპობრივ ამოქმედებას, დროებით კვოტებსა და გარკვეული პროდუქტებისთვის დამცავი მექანიზმების დაწესებას. თუმცა, მისი თქმით, ამ ზომებს მოქმედების ვადა აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

მანამდე „ევროპეისკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის სპეციალური შეზღუდვების რეჟიმის გათვალისწინება ევროკავშირის მოლაპარაკებების პოზიციაში მოლაპარაკებების მეხუთე კლასტერის გახსნის ეტაპზე იგეგმება.

მსგავსი