„პოლიტიკო“ – თურქეთი აყოვნებს ნატო-ს 27 მილიარდი ევროს ღირებულების მილსადენი სისტემის მოდერნიზაციის შეთანხმებას, ვიდრე ალიანსი დაჩქარებულად თურქეთში გათვალისწინებული 21 პროექტისთვის თანხას არ გამოყოფს

16:10, 21.07.2026

თურქეთი აყოვნებს ნატო-ს 27 მილიარდი ევროს ღირებულების მილსადენის სისტემის (NPS) მოდერნიზაციის შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია ალიანსის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფლანგებზე ნატო-ს მილსადენის სისტემის გაფართოების შეთანხმებაზე, რომლის მიღწევასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები გასულ კვირას შეხვედრაზე ცდილობდნენ.

როგორც „პოლიტიკოსთან“ ორი დიპლომატი ანონიმურად საუბრის დროს აღნიშნავს, ანკარამ მკაფიოდ მიანიშნა, რომ არ დაადასტურებს შეთანხმებას, თუკი პირველ რიგში არ განიხილება დაჩქარებული დაფინანსების გამოყოფის საკითხი თურქეთის ტერიტორიაზე გათვალისწინებული 21 პროექტისთვის.

ამასთან, როგორც „პოლიტიკოს“ წერს, თურქეთს სურს, დაფინანსების დიდი ნაწილი პირველი 5 წლის განმავლობაში გამოიყოს.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ნატო-ს ქვეყნებს შორის ისედაც უთანხმოება იყო შეთანხმების ღირებულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ალიანსის ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად მოიაზრებენ. მედიის შეფასებით, ანკარის ეს ნაბიჯი არის გარკვეული საფრთხე, რომ შეთანხმების მიღწევა სექტემბრამდე გადაიდება.

ცივი ომის პერიოდში აგებული მილსადენის სისტემა, რომელიც მოკავშირეთა ძალების საწვავით მომარაგებას ისახავდა მიზნად, ნატო-ს 12 ქვეყანაში 10 000კმ-ის სიგრძის მიწისქვეშა ქსელს აერთიანებს და 4.1 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის საცავითაა აღჭურვილი. ამჟამად მისი მიზანია სამხედრო და სამოქალაქო ავიაციისთვის საწვავის უსაფრთხოდ მიწოდება.

ალიანსის სურვილია, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთსა და რუმინეთში გააფართოოს ეს ქსელი, რათა რუსეთთან პოტენციური ომის შემთხვევაში მზადყოფნაში იყოს. 27 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ასევე შესაძლებლობას მისცემს ალიანსს, არსებულ საცავებსა და განაწილების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია განახორციელოს. პროექტის რეალიზაციის  სავარაუდო ვადა 20-25 წელია.

მსგავსი