„პოლიტიკო“ - ტრამპმა პუტინს სატელეფონო საუბრისას სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა, თუმცა პუტინმა დაჟინებით მოითხოვა ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად სამმხრივი შეხვედრის ჩატარება შესთავაზა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა დაჟინებით მოითხოვა უკრაინის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დროს გამართულ სატელეფონო საუბარში ტრამპმა პუტინს ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა, თუმცა პუტინმა უპასუხა, რომ ტრამპის ჩასვლა არ იყო აუცილებელი.
„თქვენი დასწრება არ არის აუცილებელი. მე მინდა მისი პირისპირ ნახვა“, – განუცხადა პუტინმა ტრამპს.
„პოლიტიკოს“ წყაროს ცნობით, ამის შემდეგ ტრამპის გუნდმა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობა დაიწყო.