„პოლიტიკო“ – „რუსეთის ადვოკატი“, ვლადიმერ პუტინზე ჯარედ კუშნერის განცხადებებმა უკრაინასა და ევროპაში აღშფოთება გამოიწვია
„რუსეთის ადვოკატი“ – ვლადიმერ პუტინზე ჯარედ კუშნერის განცხადებებმა უკრაინასა და ევროპაში აღშფოთება გამოიწვია, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „პოლიტიკო“.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, უკრაინელ და ევროპელ პოლიტიკოსებში პროტესტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძისა და სპეციალური წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის ბოლოდროინდელმა ინტერვიუმ გამოიწვია.
კრიტიკის მიზეზი კუშნერის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „პოლიტიკის დიდოსტატად“ მოხსენიება და უკრაინაში მიმდინარე ომის ევროპასა და რუსეთს შორის „პროქსი ომად“ შეფასება გახდა.
პოდკასტ MD Meets-ში საუბრისას კუშნერმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოუყენებლობით „თავშეკავება გამოიჩინა“, ხოლო რუსეთის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი „საოცარ მეგობრად“ მოიხსენია. ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკი წარსულში ტრამპზე „არასწორი“ თავდასხმების გამო გააკრიტიკა.
კუშნერის განცხადებებს კიევში მყისიერი რეაქცია მოჰყვა. უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ მერეჟკომ მისი და სტივ უიტკოფის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ჩამოშორება მოითხოვა.
„ისინი უკრაინას თავად პუტინის თვალით უყურებენ“, – განაცხადა მერეჟკომ „პოლიტიკოსთან“ საუბრისას.
პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა, გალინა იანჩენკომ კი აღნიშნა, რომ კუშნერის რიტორიკა უკრაინის დამოუკიდებელ სუბიექტობას უარყოფს და ის „რუსეთის ადვოკატად“ მოგვევლინა.
მწვავე შეფასებები გაკეთდა ევროპაშიც. ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა კუშნერის სიტყვებს „კრემლის წმინდა პროპაგანდა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მისი ნეიტრალურ შუამავლად აღქმა შეუძლებელია.
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიის დეპუტატმა, როდერიხ კიზევეტერმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი, პატიოსანი შუამავლის ნაცვლად, უკრაინაზე ცალმხრივ ზეწოლას ახდენს და „ტრამპის პირობებში აშშ რუსეთის მხარესაა“.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ეს სკანდალი კიევსა და ვაშინგტონს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე ვითარდება. უკრაინა კვლავ ითხოვს ამერიკული „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების მიწოდებას, ხოლო აბუ დაბიში აშშ-ის შუამავლობით გამართულ ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს გარღვევა არ მოჰყოლია.
თეთრ სახლს კუშნერისა და ტრამპის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.