„პოლიტიკო“ - რუსეთი შეტევაზე თუ გადავა, უკრაინის ფრონტის ხაზი, შეიძლება, ჩამოიშალოს
„პოლიტიკო“ - რუსეთი შეტევაზე თუ გადავა, უკრაინის ფრონტის ხაზი, შეიძლება, ჩამოიშალოს

რუსეთი შეტევაზე თუ გადავა, მაშინ ფრონტის ხაზი, შეიძლება, ჩამოიშალოს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ საუბარში განაცხადა უკრაინის შეარაღებული ძალების მაღალჩინოსანმა ოფიცერმა, რომელიც უკრაინის არმიაში გენერალ ვალერი ზალუჟნის ხელმძღვანელობის პერიოდში მსახურობდა.

მისი თქმით, ზაფხულში რუსეთის შეტევის შემთხვევაში არსებობს დიდი საფრთხე, რომ უკრაინის თავდაცვის ფრონტი ჩამოიშლება. როგორც ის ინტერვიუში აცხადებს, უკრაინას სჭირდება უპილოტო საფრენი აპარატები, ჰაუბიცები და ასობით ათასი ჭურვი თუ რაკეტა.

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის შეფასებით, დღეს უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული ვითარება არასახარბიელოა. მეტიც, როგორც ის ამბობს, რუსეთს ცოცხალ ძალაში დიდი უპირატესობა აქვს და მართვადი საავიაციო ბომბებით ურტყამს უკრაინის პოზიციებს, რისი დახმარებითაც, რუსეთი, სავარაუდოდ, შეძლებს ფრონტის ხაზის გარღვევას და რამდენიმე მონაკვეთზე მის დანგრევას.

„დღეს უკრაინას ვერაფერი დაეხმარება, რადგან არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც შეძლებდა იმ დიდი მასშტაბის სამხედრო ძალების კომპენსირებას, რომლებსაც რუსეთი, სავარაუდოდ, ფრონტზე გააგზავნის. ჩვენ ეს ტექნოლოგიები არ გვაქვს და დასავლეთსაც არ აქვს შესაბამისი რაოდენობით“, – აცხადებს „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი.

მისივე თქმით, სიტუაციის შეცვლა მხოლოდ უკრაინელების სიმტკიცეს, ასევე, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომებს შეუძლია, თუმცა, როგორც ის ამბობს, „რუსეთის შეცდომებზე დაყრდნობა სტრატეგია არ არის“.

„ზალუჟნი ამას ერთი შანსის ომს ეძახდა. ის გულისხმობდა, რომ შეიარაღება ძალიან სწრაფად ხდება გამოუსადეგარი, რადგან რუსები სწრაფად სწავლობენ მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. ისინი მეორე შანსს არ გვაძლევენ“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო ოფიცერი.

ამავე კონტექსტში უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თანამედროვე თვითმფრინავები, რომლებსაც უკრაინა ზაფხულში ელოდება, შესაძლოა, აღარ იყოს რელევანტური, რადგან რუსეთი ამ შეიარაღებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უკვე მზადაა.

„ეფ-16-ები“ გვჭირდებოდა 2023 წელს. 2024 წელს ეს აღარ იქნება რელევანტური“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი.

ამასთან ერთად, როგორც „პოლიტიკოსთან“ საუბარში წყაროები ამბობენ, ახლა უკრაინაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური კრიზისიც არსებობს. ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა თავს არიდებს ჯარში დიდ გაწვევას, რუსეთი ახლა რესურსს აგროვებს და, სავარაუდოდ, აგვისტოსთვის ან უფრო ადრეც იქნება მზად დიდი შეტევისთვის.