„პოლიტიკო“ – პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა

01:40, 02.07.2025

პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

როგორც გამოცემა სამ ანონიმურ პირზე დაყრდნობით წერს, არსებობს შეშფოთება, რომ აშშ-ის იარაღის მარაგი ძალიან შემცირდა, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

წყაროების ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაპირებული დახმარების ნაწილის შეჩერების შესახებ თავდაპირველი გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში მიიღეს, მაგრამ ის მხოლოდ ახლა შედის ძალაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პენტაგონის მიერ ზოგიერთი სახის იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ კონგრესში უკრაინის მოკავშირეები შიშობენ, რომ ქვეყანა რუსეთის შემდგომი საჰაერო დარტყმების დროს დაუცველი დარჩება.

„პოლიტიკო“ წერს, რომ პენტაგონსა და თეთრ სახლს ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი