„პოლიტიკო“ - მაიკ უოლცის გუნდმა უსაფრთხოების საკითხების განსახილველად „სიგნალში“, სულ მცირე, 20 ჯგუფური ჩატი შექმნა
აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცის გუნდმა მგრძნობიარე საკითხების განსახილველად, კერძოდ, უკრაინასთან, ჩინეთთან, ღაზის სექტორსა და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით, „სიგნალში“, სულ მცირე, 20 ჯგუფური ჩატი შექმნა.
ამის შესახებ „პოლიტიკო“ ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ამ ჯგუფური ჩატის წევრები იყვნენ.
„ეს არის აპლიკაციის უფრო ფართო გამოყენება, ვიდრე მანამდე იყო ცნობილი და ნათელს ხდის, თუ რამდენად ხშირად იყენებს ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი „სიგნალს“ – საჯაროდ ხელმისაწვდომ შეტყობინებების აპლიკაციას, თავიანთ სამუშაოში“, – წერს „პოლიტიკო“.
როგორც გამოცემის ერთ-ერთი წყარო აცხადებს, „ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა, ჩატების გამოყენება ეროვნული უსაფრთხოების ნებისმიერ თემაზე“. მისი თქმით, ჯგუფებში ხშირად შედიოდნენ აშშ-ის მთავრობის წევრები და მაღალი თანამდებობის პირები.
„პოლიტიკოს“ კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ მაიკ უოლცმა „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მთელი საკომუნიკაციო პროცესი „სიგნალზე“ ააგო“.
გამოცემის ოთხი წყაროდან არცერთმა არ დაადასტურა, გადაიცემოდა თუ არა რაიმე საიდუმლო ინფორმაცია „სიგნალის“ მეშვეობით, თუმცა ყველამ აღნიშნა, რომ ჯგუფურ ჩატებში შეტყობინებები შეიცავდა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მუშაობის კონფიდენციალურ დეტალებს.