„პოლიტიკო“ - გერმანიის ახალ მთავრობას სურს, ევროკავშირმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიცაა უნგრეთი, რომელიც რეგულარულად არღვევს ევროკავშირის წესებს
გერმანიის მომავალი მთავრობა აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანის დასჯის დრო დადგა, – ამის შესახებ ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.
სტატიის თანახმად, გერმანიის ახალ მთავრობას სურს, ევროკავშირმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიცაა უნგრეთი, რომელიც რეგულარულად არღვევს ევროკავშირის წესებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი და მათი სავარაუდო ცენტრისტულ-მემარცხენე კოალიციური პარტნიორი, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD) შეთანხმდნენ, მოითხოვონ ბლოკისგან დაფინანსების შეჩერება და ხმის უფლების შეჩერება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არღვევენ ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი არ იყო ნახსენები, შეთანხმების პროექტი აშკარად მიუთითებს ევროკავშირის ყველაზე ცუდ დამრღვევზე, რომელსაც წლების განმავლობაში დემოკრატიული ნორმების, მედიის თავისუფლებისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირსა და უნგრეთის მთავრობას შორის უთანხმოების კიდევ ერთი საკითხია ორბანის მეგობრული დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ. ბუდაპეშტი რეგულარულად იყენებს ვეტოს უფლებას რუსი ოლიგარქებისა და სამხედრო მეთაურების წინააღმდეგ სანქციების დასაბლოკად. ამ ვეტოს უფლების გვერდის ავლის მიზნით, გერმანიის მომავალი მთავრობა გეგმავს, „ადვოკატირება გაუწიოს ევროკავშირის საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის გაფართოებას, განსაკუთრებით საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გარკვეულ საკითხებზე, როგორიცაა სანქციების დაწესება“. ეს გადაწყვეტილებების მიღებას უნგრეთის თანხმობის გარეშე გახდის შესაძლებელს.