„პოლიტიკო“ - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში გავლენის სფეროებისთვის მზარდი ბრძოლაა, ირანზე დარტყმების შესახებ ევროკავშირის რეაქციამ ხელმძღვანელობაში ნაცნობი უთანხმოებები გამოავლინა
„პოლიტიკო“ - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში გავლენის სფეროებისთვის მზარდი ბრძოლაა, ირანზე დარტყმების შესახებ ევროკავშირის რეაქციამ ხელმძღვანელობაში ნაცნობი უთანხმოებები გამოავლინა

ფონ დერ ლაიენი, კალასი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში გავლენის სფეროებისთვის მზარდი ბრძოლა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“.

„პოლიტიკო“ ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დაპირისპირებაზე წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა რეაგირებს ერთმანეთის პარალელურად და არა – კოორდინირებულად, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ბლოკი ერთიანი პოზიციის პოვნას ცდილობს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე ევროკავშირის რეაქციამ ხელმძღვანელობაში „ნაცნობი უთანხმოებები გამოავლინა“.

გამოცემის ინფორმაციით, უთანხმოება მდგომარეობს იმაში, ვინ გაუწევს კოორდინირებას კრიზისზე რეაგირებასა და პოზიციის ჩამოყალიბებას.

გამოცემა წერს, რომ შაბათს, როდესაც თეირანზე თავდასხმა მოხდა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ერთობლივი განცხადებით, ყველა მხარეს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდებდნენ. მათ განცხადებამდე ნახევარი საათით ადრე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერდა, რომ დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს იკვლევდა.

როგორც „პოლიტიკო“ ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ კალასი და ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას ცდილობდნენ, მათ ერთმანეთთან პირდაპირ არ უსაუბრიათ. გამოცემის ცნობით, ეს დაპირისპირება ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის უფრო ფართო პრობლემას, რომელიც არსებობს კრიზისების დროს, დაწყებული უკრაინაში რუსეთის ომიდან, დამთავრებული ახლო აღმოსავლეთში ახალი არეულობით.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ბლოკი ვაშინგტონთან კავშირის შენარჩუნებასა და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ცდილობს, ბრიუსელში დაპირისპირება კი სანდო გეოპოლიტიკური აქტორის როლში გადასვლის მცდელობებს ართულებს.