„პოლიტიკო“ - ევროპაში შეშფოთებულები არიან, რომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის შემდეგ თურქეთის გავლით ევროკავშირში ფარულად ის მაინც მოხვდება
„პოლიტიკო“ - ევროპაში შეშფოთებულები არიან, რომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის შემდეგ თურქეთის გავლით ევროკავშირში ფარულად ის მაინც მოხვდება

ევროკავშირში შეშფოთებულები არიან, რომ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ის მაინც მოხვდება ევროპაში ფარულად, თურქეთის გავლით, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ თურქეთს არ აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის გეგმას, 2027 წლისთვის სრულად თქვას უარი რუსულ ენერგორესურსებზე, რაც, ბრიუსელის მოსაზრებით, თურქეთში რუსული გაზის ჩრდილოვანი იმპორტის საფრთხეს აჩენს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო, წარმოადგენს სატრანზიტო ქვეყანას ევროკავშირში ენერგორესურსების იმპორტისთვის. რუსულ ენერგორესურსებზე სრულად უარის თქმის გეგმის ფარგლებში ბრიუსელს სურს, გააძლიეროს ბუნებრივი აირის იმპორტის მონიტორინგი, რისთვისაც საჭირო იქნება სატრანზიტო ქვეყნებიდან ინფორმაციის მიღება.

„პოლიტიკოს“ თურქეთის საგარეო უწყებაში განუცხადეს, რომ ევროკავშირის სასანქციო ზომები ბრიუსელის საქმეა, მაგრამ, თურქეთის მოსაზრებით, „ცალმხრივი სანქციები საფრთხეს უქმნის ეკონომიკას და აძლიერებს შეშფოთებას ენერგეტიკულ სფეროში ყველასთვის“ და რომ თურქეთი შეასრულებს მხოლოდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებულ სანქციებს.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ასეთი პოზიციის გამო რჩება საფრთხე, რომ 2027 წლის შემდეგ თურქეთი გადაიქცევა რუსული გაზის ევროპაში ფარული იმპორტის კარიბჭედ.