„პოლიტიკო“ – ევროპარლამენტში დაიწყო ხელმოწერების შეგროვების პროცედურა, რათა კენჭი ეყაროს „ევროპის მემარცხენე ალიანსის“ წინააღმდეგ გამოძიების საკითხს
ევროპარლამენტში დაიწყო ხელმოწერების შეგროვების პროცედურა, რათა კენჭი ეყაროს „ევროპის მემარცხენე ალიანსის“ წინააღმდეგ გამოძიების საკითხს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პარასკევს მემარჯვენე-ცენტრისტული ფრაქციის, „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარემ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რათა ინიციირებული იქნას კენჭისყრა ევროკავშირის ზედამხედველი ორგანოსთვის მიმართვის შესახებ. მიმართვის მიზანი იქნება, ევროკავშირის პოლიტიკური პარტიების ზედამხედველ ორგანოს სთხოვონ „ევროპის მემარცხენე ალიანსის“ წინააღმდეგ გამოძიების ჩატარება, კერძოდ, დაარღვია თუ არა ალიანსმა ევროკავშირის ღირებულებები. ამ პროცესმა საბოლოოდ შესაძლოა „ევროპის მემარცხენე ალიანსის“ რეგისტრაციის გაუქმება და ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების დაკარგვა გამოიწვიოს, რაც, ფაქტობრივად, ალიანსის აკრძალვას ნიშნავს.
ამჟამად მასში შედიან ესპანური პარტია „პოდემოსი“, დანიის „ერთიანი სია“, იტალიის „მემარცხენეები“, საფრანგეთის „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ და კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ძალა. კენჭისყრა 19 ოქტომბერს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპარლამენტმა ზომები უნდა მიიღოს, რადგან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს ადმინისტრაციამ ამ ალიანსში შემავალი პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ დაადანაშაულა სასკოლო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რომელთა ნაწილი ძალადობაში გადაიზარდა. ინიციატივის განსახილველად და კენჭისყრის დასაწყებად საჭიროა 180 ხელმოწერის შეგროვება, თანაც, სულ მცირე, სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებისგან. ამისათვის კი მემარჯვენე-ცენტრისტული ფრაქციის, „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარეს დრო 16 ოქტომბრამდე აქვს. ამ ზღვრის გადალახვა შესაძლებელია მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე დეპუტატების მხარდაჭერით. „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ კი პარიზის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
„უკეთესი განათლების მოთხოვნით გამოსული ახალგაზრდების მხარდაჭერა ევროკავშირის ღირებულებების დარღვევა არ არის“, – განაცხადა „ევროპის მემარცხენე ალიანსის“ თანათავმჯდომარემ კატარინა მარტინსმა.
თუ ინიციატივა პლენარულ სხდომამდე მივა, „ევროპის მემარცხენე პარტიის“ წინააღმდეგ პროცესის დასაწყების შესახებ წინადადებას დამტკიცებისთვის „ევროპის სახალხო პარტიის“ მხარდაჭერა დასჭირდება.