„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ულტრამემარჯვენე პარტიებს, სავარაუდოდ, „ევროპის სახალხო პარტიაზე“ მეტი დეპუტატი ეყოლებათ
„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ულტრამემარჯვენე პარტიებს, სავარაუდოდ, „ევროპის სახალხო პარტიაზე“ მეტი დეპუტატი ეყოლებათ

არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტიებს, სავარაუდოდ, მემარჯვენე-ცენტრისტულ „ევროპის სახალხო პარტიაზე“ მეტი დეპუტატი ეყოლებათ. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამას ბოლო გამოკითხვის შედეგები აჩვენებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გადაინაცვლებს, რადგან ფრაგმენტირებული ულტრამემარჯვენე პარტიები, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ გაერთიანებას. თუმცა, ეს ასახავს ევროპის მარჯვნივ გადახრას და მომავალ ევროპარლამენტს ახალი პოლიტიკურ სახეს შესძენს.

როგორც „პოლიტიკოს“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, არჩევნები ახლა რომ ჩატარდეს, მომავალ ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიას“ 170 ადგილი ექნებოდა.

ამ პროგნოზით, ორ უმსხვილეს ულტრამემარჯვენე ჯგუფს – „ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს“ და „იდენტობას და დემოკრატიას“ 144 ადგილი ექნებოდა. ასევე, არის სხვა ულტრამემარჯვენე პარტიები, როგორიცაა, მაგალითად, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც კვლევა ევროპარლამენტში 16 მანდატს უწინასწარმეტყველებს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“, რომელმაც შესაძლოა, 10 მანდატი მოიპოვოს.

სოციოლოგიური გამოკითხვის პროგნოზით, ფრანგულ პარტია Reconquest-ს ევროპარლამენტში ხუთი ადგილი ექნება, პოლონურ „კონფედერაციას“ – ექვსი და ბულგარეთის პრორუსულ პარტია „აღორძინებას“ – სამი.

ამგვარად, ამ პროგნოზით, ულტრამემარჯვენეებს ევროპარლამენტში, შესაძლოა, 184 მანდატი ჰქონდეთ.

ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რამდენად შეძლებენ ეს ძალები არჩევნების შემდეგ გაერთიანებას.

საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე სუპერჯგუფის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს, რათა გახდეს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური გაერთიანება. გამოკითხვებით, „ეროვნული კრება“ გახდება ძირითადი პარტია „იდენტობისა და დემოკრატიის“ ჯგუფში, მაშინ როდესაც მელონის პარტია „იტალიის ძმები“, სავარაუდოდ, უმსხვილესი პარტია იქნება „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფში.

მელონიმ განაცხადა, რომ ის ღიაა ნებისმიერ მემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა მან ასევე მიიღო ურსულა ფონ დერ ლაიენის „ევროპის სახალხო პარტიასთან“ თანამშრომლობის შეთავაზება. ამასთან, გასულ კვირას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „იდენტობისა და დემოკრატიის“ ჯგუფიდან გააძევეს.

„ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ პროუკრაინულმა წევრებმა ჯგუფში ორბანის „ფიდესის“ გაერთიანების იდეა უარყვეს. უნგრული პარტიის „ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებში“ გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბელგიურმა „ახალმა ფლამანდრიულმა ალიანსმაც“.