„პოლიტიკო“ - ევროკომისიის მაღალჩინოსნის, ესტონეთის წარმომადგენელ ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ მიმდინარეობს შიდა გამოძიება, რომელიც კატარისგან მიღებულ ძვირად ღირებულ საჩუქრებსაც უკავშირდება
ევროკომისიის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მიმდინარეობს შიდა დისციპლინური გამოძიება, რომელიც, მათ შორის, უკავშირდება კატარისგან მიღებულ ძვირად ღირებულ საჩუქრებს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკომისიის ესტონეთის წარმომადგენელს, ჰენრიკ ჰოლოლეის შიდა რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ. ბრალდების მიხედვით, საუბარია ინტერესთა კონფლიქტზე, არასათანადო გამჭვირვალობაზე, საჩუქრების მიღებასა და დოკუმენტების გასაჯაროების წესების დარღვევაზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ესტონელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება პირველად არ დაწყებულა.
მანამდე ჰოლოლეის, რომელიც წარსულში ევროკომისიის ტრანსპორტის განყოფილებაში მუშაობდა, კატარის ხელისუფლებისთვის კონფიდენციალური დოკუმენტების გასაჯაროებას ედავებოდნენ.
კერძოდ, საუბარია კატართან საავიაციო შეთანხმების დეტალებზე, რომელთა გამჟღავნების სანაცვლოდ, ევროკომისიის წარმომადგენელი ძვირად ღირებულ საჩუქრებს იღებდა და სხვადასხვა შეღავათით სარგებლობდა. აღნიშნული ბრალდებების გამოძიება შარშან დასრულდა და ევროკომისიამ დისციპლინური წარმოების რეკომენდაცია გასცა. ამის შემდეგ ჰოლოლეიმ კომისიაში ახალი თანამდებობა დაიკავა და მას ანაზღაურება შეუმცირდა.
ჰოლოლეის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შედეგად მის მიერ წესების დარღვევა თუ გამოვლინდა, შესაძლოა, ის ევროკომისიიდან დაითხოვონ და პენსიაც შეუმცირონ.