„პოლიტიკო“ - ევროკავშირში განიხილავენ, ბელგიას უნგრეთის მსგავსად მოექცნენ, თუ მხარს არ დაუჭერს უკრაინის დასაფინანსებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენების გეგმას
„პოლიტიკო“ - ევროკავშირში განიხილავენ, ბელგიას უნგრეთის მსგავსად მოექცნენ, თუ მხარს არ დაუჭერს უკრაინის დასაფინანსებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენების გეგმას

ევროკავშირში განიხილავენ, ბელგიას უნგრეთის მსგავსად მოექცნენ, თუ მხარს არ დაუჭერს უკრაინის დასაფინანსებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენების გეგმას. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, 18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირის ლიდერების ძირითადი ამოცანა იქნება, დაითანხმონ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი უკრაინის დაფინანსების გეგმაზე.

დე ვევერი ეწინააღმდეგება უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ძირითადად ბელგიაშია თავმოყრილი. ახლა ევროკავშირში დიპლომატები მუშაობენ სხვადასხვა სტრატეგიებზე, რათა ბელგიის პრემიერის მხარდაჭერა მოიპოვონ.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, დე ვევერი გეგმას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ შესაძლოა, თანხების დაბრუნება გახდეს საჭირო და ევროკავშირისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. მას სურს, რომ ევროკავშირმა უზრუნველყოს, ფინანსურ გარანტიებთან ერთად, დამატებითი ფულადი ბუფერი და დაცვის გაძლიერებული ზომები იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდება პოტენციური სასამართლო დავების ხარჯების დაფარვა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ იდეას ბევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება. ბელგიამ წარადგინა გეგმაში შესატანი შესწორებების სია, რომლებმაც რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს, რომ მოსკოვისთვის ფულის დაბრუნება მხოლოდ ბელგიას არ მოუწიოს. დე ვევერის თქმით, რეპარაციული სესხის გაცემას მხარს არ დაუჭერს, თუ მისი შეშფოთება არ იქნება გათვალისწინებული.

ევროპელი ლიდერები ფიქრობდნენ, რომ რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ჯერ კიდევ ოქტომბრის შეხვედრაზე შეძლებდნენ.

როგორც „პოლიტიკოს“ დიპლომატიურმა წყაროებმა განუცხადეს, ჯერ კიდევ არის შეთანხმების მიღწევის იმედი. ევროკავშირის ქვეყნების ელჩები სათითაოდ სწავლობენ ბელგიის მოთხოვნებს და გზებს მათ დასაკმაყოფილებლად, რათა გეგმა მაქსიმალურად მისაღები გახდეს ბელგიის ხელისუფლებისთვის.

თუმცა ლიდერების შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე ევროკავშირი ზეწოლას აძლიერებს. როგორც გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა, თუ დე ვევერი გააგრძელებს გეგმის დაბლოკვას, ის იმ ქვეყნის ლიდერისთვის, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში პროევროპული იყო, არაკომფორტულ და უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდება. „პოლიტიკოს“ ცნობით, ბელგიის ლიდერი იქნება უგულებელყოფილი, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის მიმართაც გულგრილი დამოკიდებულებაა უნგრეთში დემოკრატიული უკუსვლისა და მისი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერისადმი წინააღმდეგობის გამო.

„ბელგიისთვის გზავნილი არის, რომ ამ ინიციატივას თუ არ დათანხმდება, მისი დიპლომატები, მინისტრები და ლიდერები ევროკავშირის მაგიდასთან ხმას დაკარგავენ. ოფიციალური პირები ბელგიის სურვილებს და შეშფოთებას ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიან ბიუჯეტთან დაკავშირებით ბოლოში დააყენებენ, რაც მთავრობას დიდ თავის ტკივილს შეუქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკებები 18 თვეში გადამწყვეტ ეტაპს მიაღწევს.

ეს იქნება მძიმე რეალობა ქვეყნისთვის, რომელიც, პირდაპირი და სიმბოლური მნიშვნელობით, ევროკავშირის პროექტის გულია.

„პოლიტიკოსთან“ საუბარში დიპლომატები ამბობენ, რომ „რთული დრო რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს“.

მომავალ წელს უკრაინა 71,7 მილიარდი ევროს ოდენობის ბიუჯეტის დეფიციტის წინაშე დგას და აპრილიდან მოუწევს სახელმწიფო ხარჯების შემცირება, თუ ფინანსურ მხარდაჭერას არ მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი დახმარების უზრუნველყოფისგან დისტანცირდა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, რუსული გაყინული აქტივების გამოყენების საკითხზე მიმდინარე კვირას ევროკავშირის ელჩებს სამი შეხვედრა აქვთ დაგეგმილი – ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.