„პოლიტიკო“- ევროკავშირისა და კანადის მომავალი ურთიერთობის სახელწოდების შერჩევამ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ფრიდრიხ მერცს შორის დავა გამოწვია

00:12, 06.11.2026

ევროკავშირისა და კანადის მომავალი ურთიერთობის სახელწოდების შერჩევამ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შორის დავა გამოწვია, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ ოთხ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ბერლინსა და ბრიუსელს შორის დაპირისპირება ფონ დერ ლაიენის მიერ კანადის ევროკავშირის „ასოცირებულ წევრად“ გამოცხადებას მოჰყვა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, მერცმა ადრე უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა, რადგან კიევი ბლოკში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. თუმცა მისი იდეა კატეგორიულად უარყვეს. ახლა კი ლაიენის მიერ მსგავსი სტატუსის კანადისთვის მინიჭების მცდელობამ მერცის უკმაყოფილება გამოწვია, რადგან ის მიიჩნევს, რომ ასოცირებული წევრის სტატუსის მქონე ქვეყანა ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, ეს კი კანადის შემთხვევაში არარეალისტურია.

„პოლიტიკო” წერს, რომ არც ბერლინი და არც ბრიუსელი არ თმობენ პოზიციას „ასოცირებული წევრის“ ფორმულირებასა და იდეასთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირის, სულ მცირე, ექვსი სხვა წევრი სახელმწიფო კანადასთან მიმართებით ტერმინის „ასოცირებული წევრობის“ გამოყენების წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.

მსგავსი