„პოლიტიკო“ – ერდოღანმა ნატო-ს სამიტის წინ რეპრესიები დაიწყო

19:32, 26.06.2026

„ერდოღანმა ნატო-ს სამიტის წინ რეპრესიები დაიწყო“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „პოლიტიკო“, რომელშიც ნათქვამია, რომ მიმდინარე კვირაში თურქმა სამართალდამცველებმა ისლამურ სახელმწიფოსა და სხვა დაჯგუფებებთან კავშირში ეჭვმიტანილი 225 ადამიანი დააკავეს, მათ შორის მეცნიერები, მასწავლებლები და აქტივისტები, ერთ-ერთი 79 წლის გარემოსდამცველია.

სტატიის მიხედვით, ანკარაში აიკრძალა საჯარო შეკრებები, გამოცდები, პრესკონფერენციები და პოსტერების გამოფენაც. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 40 000 პოლიციელია მობილიზებული.

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები იუწყებიან, ათობით დამოუკიდებელ თურქ ჟურნალისტს, 7-8 ივლისს დაგეგმილი ნატო-ს სამიტის გასაშუქებლად აკრედიტაციის გაცემაზე უარი უთხრეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მათ შორის, არიან იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი პრეზიდენტ ერდოღანის ხელისუფლების მიმართ.

„პოლიტიკო“ წერს, რომ პრესის თავისუფლების 15-მა ორგანიზაციამ აკრედიტაციების გაცემასთან დაკავშირებით, საკითხის გადახედვის მოთხოვნით, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს წერილობით მიმართა.

„ნატო-ს სამიტი არ უნდა იყოს გამოყენებული რეპრესიების საბაბად. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას და ამ საკითხებს ორმხრივი რეგულარული კონტაქტების დროს წამოვჭრით“, – აცხადებს გამოცემასთან საუბარში წყარო.

ერთ-ერთი წყარო კი აღნიშნავს, რომ ნატო კონტაქტზეა თურქეთის ხელისუფლებასთან, რათა გადაიხედოს აკრედიტაციის სია.

მედიის თავისუფლების ინდექსით, თურქეთი 180 ქვეყნიდან 163-ე ადგილს იკავებს, რაც ნატო-ს წევრ ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანას აზერბაიჯანისა და რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტი დაპატიმრებული ჟურნალისტი ჰყავს.

მსგავსი