„პოლიტიკო“ – დონალდ ტრამპმა ნატო ფულის საჭრელ მანქანად აქცია

17:04, 06.07.2026

დონალდ ტრამპმა ნატო ფულის საჭრელ მანქანად აქცია, – ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკო“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ალიანსი მისი თავდაპირველი განზრახვისგან სრულიად განსხვავებულ ორგანიზაციად აქცია.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თაობების განმავლობაში არსებული ტრანსატლანტიკური ალიანსი, რომელიც საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზეა აგებული, ისეთ ჩარჩოდ აქცია, რომელთანაც ურთიერთობა მისთვის უფრო კომფორტულია – ბიზნესად. მან დაარწმუნა ნატო-ს წევრები, რომ გაზარდონ საკუთარი თავდაცვის ხარჯები და დიდი ინვესტიციები ჩადონ ამერიკულ შეიარაღებაში უკრაინისთვის. ამ კვირაში ალიანსის ლიდერების ყოველწლიურ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რამდენის დახარჯვა შეუძლიათ ევროპელებს ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობაზე“, – წერს გამოცემა.

ამასთან, „პოლიტიკო“ წერს, რომ ტრამპი ალიანსის წევრებისგან მუდმივად ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს და ამჟამად ის მოკავშირეებს სთხოვს, თავდაცვის ხარჯები მშპ-ის ორი პროცენტიდან ხუთ პროცენტამდე გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვის რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან, ვინაიდან ტრამპი იმუქრება, რომ ალიანსს დატოვებს.

სტატიის მიხედვით, აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის მუდმივი დაძაბულობა შეინიშნება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ს ევროპის ქვეყნებიდან სამხედრო დანაყოფები გაჰყავს.

„ნატო-ს წევრები განსაკუთრებით დაძაბულები არიან ბოლო თვეებში, მას შემდეგ, რაც ტრამპმა ნატო-ელი მოკავშირეები გააკვირვა გერმანიიდან ჯარების გაყვანის და პოლონეთში დანაყოფების განლაგების გაუქმების შესახებ განცხადებებით. ევროპა ასევე კვლავ დაძაბულია უკრაინის ომისა და რუსეთის ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგთან მიახლოების გამო“, – წერს „პოლიტიკო“.

მსგავსი