„პოლიტიკო“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, ანონიმური შეტყობინებები დაწერონ, თუ კოლეგებს „ანტიქრისტიანულ მიკერძოებას“ შეამჩნევენ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, ანონიმური შეტყობინებები დაწერონ, თუ კოლეგებს „ანტიქრისტიანულ მიკერძოებას“ შეამჩნევენ. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციაში მოქმედი სამუშაო ჯგუფი შეაგროვებს ინფორმაციას აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანტირელიგიური მიკერძოების შესახებ, მათ შორის თანამშრომელთა მიერ ერთმანეთის შესახებ დაწერილი ანონიმური ანგარიშების გამოყენებით.
„ეს ანგარიშები უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალური და უნდა მოიცავდეს თანამშრომელთა სახელებს, თარიღებს, ლოკაციებსა და სამუშაო ადგილების მითითებასაც“, – ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ცნობილი გახდა, შესაბამისი მითითება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე აშშ-ის საელჩოებს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სახელით გაეგზავნა.
დოკუმენტის მიხედვით, ამ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 22 აპრილს გაიმართება.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი თანამშრომელი დოკუმენტის შინაარსით შოკირებულია. მათი თქმით, ერთმანეთის დასმენის პრაქტიკის წახალისება უწყებაში შიშის ატმოსფეროს დამკვიდრებას გამოიწვევს.