„პოლიტიკო“ - დასავლეთი შეშფოთებულია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ძალაუფლების მონოპოლიზაციის სურვილით
„პოლიტიკო“ - დასავლეთი შეშფოთებულია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ძალაუფლების მონოპოლიზაციის სურვილით

დასავლეთი შეშფოთებულია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ძალაუფლების მონოპოლიზაციის სურვილით, – ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკოავრცელებს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, დასავლელმა მოკავშირეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის მთავრობის ცენტრალიზაციისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით, თუმცა თავს იკავებენ საჯარო კრიტიკისგან, რათა თავიდან აიცილონ რუსული პროპაგანდის გაძლიერება.

„ზელენსკის პარტიული კონკურენტები ამჟამად ერთადერთნი არ არიან, ვინც შეშფოთებულია ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობით. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი მოკავშირეები თავს იკავებენ საჯარო კრიტიკისგან, რადგან ეშინიათ მოსკოვის პროპაგანდისთვის სივრცის მიცემის, კიევში მყოფმა სამმა ევროპელმა ელჩმა პირადად გამოთქვა შეშფოთება“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკიმ „ხალხის მსახურთან“ ბოლო შეხვედრაზე პარლამენტის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მათ „ვერ შეძლეს დასავლელ პარტნიორებში უკრაინის ურყევი სურათის შექმნა“.