„პოლიტიკო“ - აშშ-ის კონგრესი ემზადება ორპარტიული აქტის მისაღებად, რომლითაც რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდის ავლით მოხდება
გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის კონგრესი ემზადება ორპარტიული აქტის მისაღებად, რომლითაც რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდის ავლით მოხდება. როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტის ინიციატორი წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფია, კანონმდებელ ტედ ლიუს ხელმძღვანელობით.
„პოლიტიკოს“ მიხედვით, აღნიშნულ აქტს კონგრესი თუ მიიღებს და კანონს ხელი მოეწერება, ეს საშუალებას მისცემს ამერიკელ კანონმდებლებს, გვერდი აუარონ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის წინააღმდეგობას, რომელიც რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების ნუსხაში შეყვანას არ ემხრობა.
გამოცემა მანამდე იუწყებოდა, რომ ბლინკენის მოსაზრებით, რუსეთი ოფიციალურად თუ იქნება აღიარებული ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, მაშინ აშშ-ს მოუწევს სანქციების დაწესება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებსაც რუსეთთან ბიზნეს საქმიანობა აკავშირებთ. ამასთან, ბლინკენი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მინიმალური დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლებლობასაც კი არ დატოვებს.
ამჟამად აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ჩრდილოეთ კორეა, სირია, კუბა და ირანი. აღნიშნულ ნუსხაში მოხვედრის შემთხვევაში, აშშ-ს ეკრძალება რუსეთისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა, ასევე სამხედრო-თავდაცვითი დანიშნულებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი. ამასთან, გამკაცრდება ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნის კონტრაგენტებთან ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიაროს. თუმცა, ეს დოკუმენტი შესასრულებლად სავალდებულო არ არის.
კრემლში განაცხადეს, რომ კონგრესი რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ მაინც თუ აღიარებს, შედეგები „ძალიან ნეგატიური“ იქნება.