„პოლიტიკო“ – არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მარინ ლე პენი ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის გაუქმებას ან მისი უფლებამოსილებების მკვეთრად შემცირებას გეგმავს
ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს, კაია კალასს ურსულა ფონ დერ ლაიენთან უთანხმოების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენიც უპირისპირდება. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემა ლე პენის პარტიის ოთხ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის გაუქმებას ან მის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს.
სტატიის მიხედვით, „ეროვნულ გაერთიანებაში“ ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის საქმიანობის ეფექტიანობას. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას იმეორებს და გადასახადის გადამხდელთა სახსრებს არაეფექტიანად ხარჯავს.
„რეალურად, კალასის საქმიანობის სარგებელი ძალიან შეზღუდულია“, – განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარის, ჯორდან ბარდელას მრჩეველმა, შარლ-ანრი გალუამ.
მისივე თქმით, კალასის ლეგიტიმურობას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, არ აღიარებენ.
„პოლიტიკოს“ მიხედვით, ლე პენის პარტიასა და ევროკავშირის მოქმედ საგარეო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება უკრაინის საკითხსაც უკავშირდება. კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, მაშინ როდესაც მარინ ლე პენი უკრაინაში ომის დასრულების მიზნით საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის გამართვას ემხრობა და აცხადებს, რომ ევროპას კიევის ფინანსური დახმარების შესაძლებლობები ეწურება.
ევროპარლამენტარმა „ეროვნული გაერთიანებიდან“, ჟან-პოლ გარომ კალასი უკრაინის საკითხზე ზედმეტად მკაცრი რიტორიკის გამოყენებაში დაადანაშაულა.
მისი განცხადებით, პარტია უკრაინას მხარს უჭერს, თუმცა მსგავსი განცხადებები ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს ზრდის.
„პოლიტიკოს“ შეფასებით, ლე პენის პოლიტიკური გეგმები ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის უფლებამოსილებების განაწილების საკითხზე მზარდ უთანხმოებას ასახავს. ნაციონალისტური პარტიები საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ბრიუსელის უფლებამოსილებების შეზღუდვას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეროვნული მთავრობების როლის გაძლიერებას ცდილობენ. ამასთან, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის რეფორმირების საკითხი მხოლოდ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების დღის წესრიგში არ დგას. საფრანგეთმა და გერმანიამ უკვე გამოთქვეს მხარდაჭერა სტრუქტურის მასშტაბური რეორგანიზაციის მიმართ. კაია კალასი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის აპრილში გაიმართება.
მარინ ლე პენმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე დაადასტურა. ივლისში სააპელაციო სასამართლომ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღუდგინა, თუმცა ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.