„პოლიტიკო“ - დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისადმი პოზიციის ცვლილება ალასკაში რუსეთისა და ამერიკელი ლიდერების შეხვედრამ განაპირობა
„პოლიტიკო“ - დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისადმი პოზიციის ცვლილება ალასკაში რუსეთისა და ამერიკელი ლიდერების შეხვედრამ განაპირობა

„უკრაინას მოსწონს თავისი უახლესი მოკავშირე ტრამპი“, – ამ სათაურით აქვეყნებს „პოლიტიკო“ სტატიას, რომელშიც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისადმი პოზიციის ცვლილება ალასკაში რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრამ განაპირობა.

როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, ალასკის სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს არ განუცხადებია თანხმობა შეთანხმების დადებაზე. ერთ-ერთი რესპუბლიკელი „პოლიტიკოს“ ეუბნება, რომ პუტინს არ გამოუვლენია არანაირი წუხილი ადამიანების სიკვდილის გამო, რამაც ასევე გამოიწვია ტრამპის დამოკიდებულების ცვლილება უკრაინის მიმართ.

„ტრამპს სჭირდებოდა დრო, რომ გაეგო, რეალურად ვინ არის პუტინი“, – თქვა წყარომ.

სტატიის მიხედვით, ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია მედიის მიერ სამიტის გაშუქებამაც. მედია წერდა, რომ სამიტი პუტინის ტრიუმფი იყო. წყაროს თქმით, ტრამპის აზრით, პუტინისთვის სამაგიეროს გადახდა სწორედ უკრაინის პრეზიდენტის ქება იქნება.

გარდა ამისა, 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ  ევროპელი ლიდერები აქტიურად ცდილობდნენ ზელენსკისა და ტრამპს შორის ურთიერთობის დალაგებას. წყარომ დაასახელა ეს ლიდერებიც: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

პოლიტიკო“ ასევე წერს, რომ გავლენა იქონია მეფე ჩარლზის სიტყვებმაც.

„თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ომის დასაწყისში ზელენსკი და ერმაკი მიეჩვივნენ, რომ მათ ექცეოდნენ ისე, როგორც როკვარსკვლავებს, მსოფლიო სახეებს. უცებ ჩნდება ტრამპი და ამბობს, რომ აქ მხოლოდ ერთი „დივაა“ და ეს მე ვარ. სწორედ ამიტომ მოხდა ეს შელაპარაკება თეთრ სახლში“, – ამბობს „პოლიტიკოს“ წყარო.