პოლიციამ ზუგდიდში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
პოლიციამ ზუგდიდში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ორი პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ.

„დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.