პოლიციამ ყვარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. და 1972 წელს დაბადებული ი.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ ყვარელში, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, საბრძოლო ვაზნები, ერთი მცირეკალიბრიანი შაშხანა და ორი სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს ს სკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.