პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში თაღლითურად დაეუფლა სამი მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს.

„პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ერთი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო ორს თბილისში მდებარე ლომბარდებში მიაკვლია.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.