პოლიციამ პორტუგალიის ფინანსთა მინისტრის ოფისი გაჩხრიკა
პოლიციამ პორტუგალიის ფინანსთა მინისტრის ოფისი გაჩხრიკა

პორტუგალიის ფინანსთა მინისტრის ოფისში პოლიცია შევიდა. მარიო სენტენუს უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ და სამართალდამცავებს ყველა მოთხოვნილ დოკუმენტაციას წარუდგენენ.
ადგილობრივი მედია განმარტავს, რომ ჩხრეკა საფეხბურთო კლუბ „ბენფიკას“ პრეზიდენტის ოჯახის წევრების მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებას ეხება.

როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, თაღლითურ სქემაში პორტუგალიის ფინანსთა მინისტრი მარიო სენტენუ ფიგურირებს.
სკანდალი აღნიშნული საქმის გარშემო პირველად სექტემბერში აგორდა, თუმცა სენტენუ თაღლითურ გარიგებაში მონაწილეობას უარყოფს.

პორტუგალიის ფინანსთა მინისტრი და ევროჯგუფის ახალარჩეული თავმჯდომარე საფეხბურთო კლუბ „ბენფიკას“ ქომაგია. სენტენუ ცოტა ხნის წინ მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან საფეხბურთო კლუბ „ბენფიკასა“ და „პორტუს“ მატჩზე დასასწრებად ბილეთები საპრეზიდენტო ლოჟაში მოითხოვა.

ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, რომ მოთხოვნა უსაფრთხოების ზომებს უკავშირდებოდა და კანონი არ დარღვეულა.