პოლიციამ კურორტ გრიგოლეთში მდებარე საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ქურდობისთვის არაერთგზის ნასამართლევმა პირმა, თანამზრახველთან – საქართველოში დროებითი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გრიგოლეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის მოპარვას ცდილობდა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.