პოლიციამ დააკავა ლატვიის მოქალაქეები, რომლებიც სატელეფონო თაღლითობას მოსკოვიდან ეწეოდნენ
საილუსტრაციო ფოტო
ორშაბათს, 3 აგვისტოს, ლატვიის სახელმწიფო პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოძიება დაასრულა. საუბარია სატელეფონო თაღლითებზე, რომლებმაც 2025 წლის მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში, მოსკოვში ყოფნისას, ლატვიის რამდენიმე მცხოვრები მოატყუეს და თანხები გამოსძალეს.
ლატვიელმა სამართალდამცველებმა შეძლეს საჭირო მტკიცებულებების მოპოვება, სატელეფონო თაღლითების პიროვნებების დადგენა და მათი დაკავება.
წინასწარი გამოძიების დროს დადგინდა, რომ მოსკოვში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა თაღლითურ სქემას იყენებდნენ.
თაღლითები თავს ბანკისა და პოლიციის თანამშრომლებად ასაღებდნენ და ატყუებდნენ მსხვერპლად შერჩეულ პირებს, რომლებსაც ლატვიურ ენაზე ელაპარაკებოდნენ.
ისინი წინასწარ შერჩეულ პირებს აწვდიდნენ მცდარ ინფორმაციას საბანკო ანგარიშების შესახებ, კერძოდ ეუბნებოდნენ, თითქოს, ვიღაც მათი ანგარიშებიდან ფულის გამოტანას ან კრედიტების გაფორმებას ცდილობდა.
თაღლითები მოტყუებით ახერხებდნენ მსხვერპლის მობილურ ტელეფონებსა თუ კომპიუტერებზე დისტანციური წვდომის პროგრამების (AnyDesk ან HopToDesk) დაყენებას, რის შემდეგაც მათ ინტერნეტ-ბანკში შესვლას სთხოვდნენ.
ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღწევდნენ იმას, რომ მიზანში ამოღებულ პირებს შეჰყავდათ ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლის ნომერი, პერსონალური კოდი, ასევე ადასტურებდნენ თაღლითების მიერ მომზადებულ ფულად გადარიცხვებსა და განაცხადებს კრედიტებზე.
დაზარალებულებისგან მიღებული ინტერნეტ-ბანკში წვდომის მონაცემების გამოყენებით, თაღლითები ახორციელებდნენ ტრანზაქციებს სხვა ბანკების კლიენტების ანგარიშებზე, რათა შემდგომში თანხები თაღლითების კონტროლქვეშ არსებულ სხვა საბანკო ანგარიშებზე გადაერიცხათ.
სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში შედიოდა 5 პირი და ყველა მათგანი ლატვიის მოქალაქე იყო.
ოთხი მათგანი ყოველდღიურად რეკავდა და ატყუებდა თანამოქალაქეებს, ხოლო მეხუთე ადგენდა მოპარული სახსრების ლეგალიზაციის სქემებს – იბირებდა „ფინანსურ ჯორებს“ (money mules), გადაჰქონდა ნაღდი ფული ან გზავნიდა უნაღდო სახსრებს.
ამ ეტაპზე დადგენილია 30-ზე მეტი პირი, რომლებიც, გასამრჯელოს სანაცვლოდ, საკუთარი საბანკო ანგარიშების გამოყენებას დათანხმდნენ, რის შედეგადაც თაღლითურ ჯგუფს მოპარული სახსრების მიღება შეეძლო.
ამ დროისთვის დადგენილია, რომ დაზარალდა ლატვიის, სულ მცირე, 11 მცხოვრები, რომლებმაც 87 256 ევროზე მეტი დაკარგეს.
ლატვიის სახელმწიფო პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ოფიციალური პირები აგრძელებენ წინასწარ გამოძიებას, რათა ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა შესაძლო დანაშაულებიც დაადგინონ და გამოიძიონ.
კონტექსტი:
2025 წელს სატელეფონო თაღლითობა კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა იყო, რომელიც ლატვიის ძალიან ბევრ მცხოვრებს შეეხო.
თაღლითების მეთოდები დახვეწილი და ცინიკურია, რის გამოც სახელმწიფო პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან თავი მათგან და ამ მიზნით, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
• არ გააგრძელოთ სატელეფონო საუბარი უცნობ პირებთან, თუ არსებობს თაღლითობის ოდნავი ეჭვიც კი;
• არ გამჟღავნოთ ბანკში წვდომის მონაცემები (Smart-ID), პაროლები ან ავტორიზაციის კოდები;
• დაუყოვნებლივ დაიბლოკეთ წვდომა საბანკო ანგარიშზე და დაუკავშირდით ბანკს, თუ გაჩნდა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის ეჭვი;
• არ დააყენოთ დისტანციური წვდომის პროგრამები უცნობი ადამიანების თხოვნით;
• არ განახორციელოთ ინვესტიციები მომსახურების მიმწოდებლის კანონიერებისა და ბროკერის კომპეტენტურობის შემოწმების გარეშე;
• ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ ზარის მიღებისას დარწმუნდით, რომ მომსახურების მიმწოდებელს აქვს ასეთი მომსახურების შეთავაზების უფლება;
•სატელეფონო საუბრის შემდეგ, თუ გაჩნდა თაღლითობის ეჭვი, დამოუკიდებლად დაუკავშირდით ბანკს ან შესაბამის დაწესებულებას;
• არ გადაუხადოთ თანხა პირებს, რომლებიც გთავაზობენ თაღლითობის შედეგად მანამდე დაკარგული სახსრების დაბრუნებას;
• არ გადარიცხოთ ფული ე.წ. „უსაფრთხოების ანგარიშებზე“ ან უცნობ საბანკო ანგარიშებზე;
• მოპარული სახსრების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მეშვეობით – ოფიციალური დაწესებულებების გვერდის ავლით ფულის სწრაფი დაბრუნების ნებისმიერი დაპირება მცდარი და შეცდომაში შემყვანია.