ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩის წინ მის გუნდს ნაკლები დრო ჰქონდა დასასვენებლად, ვიდრე დორტმუნდის ბორუსიას.
არგენტინელი სპეციალისტი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას მოუწოდებს, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ინგლისური გუნდების მიმართ და კალენდარი საერთაშორისო შეჯიბრებების გათვალისწინებით შეადგინოს.
„ვფიქრობ, ფეხბურთის ასოციაციისგან დახმარება გვჭირდება, ასევე პრემიერ ლიგისგან. მართალი გითხრათ, ისიც კი არ ვიცი, რომელი მათანი დავადანაშაულო, რადგან მსგავს საკითხებში არასდროს ჩავრეულვარ. იქნებ ჩვენი ბრალია, თამაშის დღე რომ შევცვალეთ ან საკუთარი სტადიონი დროულად ვერ ავაშენეთ? არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში საკუთარ გუნდებზე უფრო ზრუნავენ. საფრანგეთში რენის მონაწილეობით მატჩი იმ მიზნით გადაიდო, რომ გუნდს ევროპა ლიგაზე არსენალის წინააღმდეგ ღირსეულად გამოსვლისთვის მეტი საშუალება და მოსამზადებელი დრო ჰქონდეს“, – ამბობს პოჩეტინო.
შეგახსენებთ, რომ პირველი მერვედფინალური მატჩი ტოტენჰემსა და ბორუსიას შორის ლონდონში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 3-0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი დორტმუნდში დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.