პოჩეტინო ამ სეზონში კეინის დაბრუნებას არ გამორიცხავს
პოჩეტინო ამ სეზონში კეინის დაბრუნებას არ გამორიცხავს

ტოტენჰემ ჰოტსპურის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ძალიან წუხს, რომ ჰარი კეინსა და სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებს კლუბისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში საკუთარი წვლილის შეტანა არ შეუძლიათ, თუმცა იქვე მიანიშნებს, რომ კეინს ამ სეზონში მოედანზე დაბრუნების შანსი აქვს.

ლონდონელებს წელს პრემიერლიგაში მაქსიმუმ მესამე ადგილზე გასვლა შეუძლიათ, თუმცა, ამავე დროს, მათ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიაღწიეს, სადაც ამსტერდამის აიაქსს დაუპირისპირდებიან.

ტოტენჰემის ლაზარეთში ამჟამად არიან ჰარი უინკსი, ერიკ ლამელა, სერჟ ორიე, მუსა სისოკო და ჰარი კეინი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კოჭის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე გამოეთიშა ასპარეზობას.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სეზონი ლონდონელებისთვის შესაძლოა, 1 ივნისამდე გაგრძელდეს (ჩემპოიონთა ლიგის ფინალის დღე), პოჩეტინო არ გამორიცხავს, რომ კეინმა დაბრუნება მოასწროს.

შეკითხვაზე, რა სტადიიაშია კეინისა და უინკსის რეაბილიტაციის პროცესი, პოჩეტინომ უპასუხა, რომ ორივე ძალიან მოტივირებულია, რათა მაქსიმალურად სწრაფად დაუბრუნდეს მოედანს.

„კლუბისთვის ამ საოცარ მომენტში ფეხბურთელის დაკარგვა ძალიან რთულია. რთულია თავად ფეხბურთელებისთვისაც, რომლებიც იძულებულნი არიან ტრიბუნიდან ადევნონ თვალი თამაშებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რადგან მიმაჩნია, რომ მათ წელს დაბრუნება შეუძლიათ, თუ ოდნავ გაგვიმართლებს“, – აცხადებს პოჩეტინო.