პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ
ნინო სალუქვაძის ტირში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პირველობაში თბილისისა და ქუთაისის ორი კლუბის „ნინო სალუქვაძის ტირისა“ და „დინამოს“ 50 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. შეჯიბრი როგორც ქალებში, ისე ვაჟებში უკვე დასრულდა. პრიზიორები ორ ასაკობრივ კატეგორიაში, უფროსებსა და ახალგაზრდებში გამოვლინდნენ.
10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ევროპირველობის სამგზის გამარჯვებულმა ნინო სალუქვაძემ აჩვენა. მან ჯამში 573 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე 558 ქულით მარიამ ღვინიაშვილი გავიდა. მესამე პოზიცია 553 ქულით ნონა მახარაშვილმა დაიკავა. სამივე მათგანი „ნინო სალუქვაძის ტირის“ წევრია. ახალგაზრდებში ჩემპიონის ტიტული მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა, კლუბ „დინამოს“ წარმომადგენელმა, ლიზი კილაძემ 568 ქულით მოიპოვა. მეორე, 564 ქულით, ასევე ქუთაისური კლუბის წევრი, ევროპის ვიცე ჩემპიონი და მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ნინო ხუციბერიძე იყო. მესამე ადგილზე 551 ქულით „ნინო სალუქვაძის ტირის“ წევრი მარიამ დიასამიძე გავიდა.
ვაჟთა შეჯიბრი უფროსებში მიხეილ სანიკიძემ 568 ქულით მოიგო. მეორე პოზიცია გუნდურში ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ცოტნე მაჭავარიანმა 567 ქულით დაიკავა. მესამე შედეგი 564 ქულით ლევან ქადაგიძემ აჩვენა. სამივე პრიზიორი „ნინო სალუქვაძის ტირის“ წარმომადგენელია. ახალგაზრდებში საუკეთესო მაჩვენებელი თბილისური კლუბის წევრს, გუნდურში ევროპის ასაკობრივი პირველობის ბრინჯაოს მედალოსან აკაკი მოსულიშვილს ჰქონდა. მან 557 ქულა დააგროვა. 553 ქულით მეორე პოზიციაზე „დინამოს“ წევრი იოანე ხვარეშია გავიდა. მესამე საპრიზო ადგილი „ნინო სალუქვაძის ტირიდან“ მაქს პლნენგერს ხვდა წილად. მის ანგარიშზე 544 ქულაა.
ხვალ შეჯიბრი შერეულ წყვილებში გაიმართება. ტურნირის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონია შედგება.
საქართველოს ჩემპიონატი ხორვატიაში გასამართი ევროპირველობისათვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია. ტურნირში მონაწილეობა იმ შვიდმა სპორტსმენმაც მიიღო, რომლებიც 16 მარტიდან კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებენ. ნაკრები მალე ბაქოში გაემგზავრება, სადაც ევროპამდე შეკრებას გაივლის.