პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ გაგრძელება 21:00 საათის შემდეგაც იქნება შესაძლებელი
პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ გაგრძელება 21:00 საათის შემდეგაც იქნება შესაძლებელი

პარლამენტის პლენარული სხდომის 21:00 საათის შემდეგ გაგრძელება „მინისტრის საათის“ მსვლელობის დროსაც იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

ინიციატორები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, პლენარულ სხდომაზე შესაძლებელი იყოს „მინისტრის საათის“ გაგრძელებაც 21 საათის შემდეგ, საკითხის ამოწურვამდე.

ამასთან, ცვლილებები ეხება ასევე პოლიტიკური დებატების დროს გამომსვლელი სუბიექტებისთვის განსაზღვრულ დროის ლიმიტებს.

კერძოდ, ფრაქციებისთვის განკუთვნილი დრო, 15 წუთის ნაცვლად, განისაზღვრება ფრაქციის წევრთა რაოდენობის შესაბამისად და ფრაქციას ექნება იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, თუმცა ეს დრო უნდა იყოს არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა.

პარლამენტის დღეს მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად, პლენარული სხდომა საკითხის ამოწურვამდე შეიძლება გაგრძელდეს – პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების, პრემიერ-მინისტრის გამოსვლის, პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, მთავრობის ნდობის საკითხის განხილვის, ასევე აუდიტის სამსახურის, სახალხო დამცველის, გენერალური პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშების განხილვის დროს.