Planetrugby: "უსამართლობის განცდა გვტანჯავს. იმედია საქართველო მალე მიიღებს რევანშის შანსს"
Planetrugby: "უსამართლობის განცდა გვტანჯავს. იმედია საქართველო მალე მიიღებს რევანშის შანსს"

უცხოურ პრესაში არ წყდება გამოხმაურება უელსისა და საქართველოს დაპირისპირებაში ბოლო წუთებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამჯერად აღნიშნულ ფაქტზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან სარაგბო გამოცემა “პლანეტრაგბი”-ში დაიწერა.

“ბითი სპორტის” ჟურნალისტ ენდი ჯექსონის ყოველკვირეული რუბრიკა “არაზუსტი გადაცემა” (“Loose pass”) ამ სიტყვებით იწყება: “უსამართლობის განცდა გვტანჯავს. იმ მომენტში გვსურდა ყურთსასმენები მოგვეხსნა, ტაში სარკასტულად დაგვეკრა და რამდენიმე უცენზურო სიტყვა გვეთქვა. არა ჩვენ არ ვსაუბრობთ ავსტრალიაზე, ამისთვის მომდევნო გვერდის წაკითხვა მოგიწევთ. ახლა ჩვენს გონებაში საქართველოა”.

სტატიის ავტორი კრიტიკულად და საკმაოდ ცინიკურად აფასებს უელსელთა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას:

“მამაცი ბორჯღალოსნები მასპინძლების ლელოს ხაზთან იყვნენ დაბანაკებულნი. სხვაობა მხოლოდ შვიდი ქულა იყო და ქართველებს სურდათ მთელი მსოფლიოსთვის ენახებინათ საკუთარი შერკინების ძალა. შანსი მოვიდოდა, მათ უბრალოდ სიმშვიდე მართებდათ – მოვლენები კი სწორედ ისე განვითარდა, როგორც “ბორჯღალოსნებს” სურდათ. უელსელთა სათადარიგო ბურჯმა გონება დაკარგა, თამაშგარედან ითამაშა და რეინალისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. ქართველები სწორედ ამას ელოდნენ! შერკინებას ვითხოვთ, თუ შეიძლება სერ!

მაგრამ მოიცადეთ, უელსს ბურჯები აღარ ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შერკინებაში მიწოლა აიკრძალა და ქართველთა ყველაზე მძლავრმა იარაღმა ფუნქცია დაკარგა. ისინი იძულებულები გახდნენ ბურთი კიდეზე გადაეტანათ და რამდენიმე წამის შემდეგ ისტორიის დაწერის შანსიც წაერთვათ – მათ თამაში წააგეს.

ახლა პრობლემა რაშია და ჩვენ რა გვაწუხებს – კარგად დავინახეთ, რომ ორივე ბურჯი – ნიკი სმიტი და ლეონ ბრაუნი სათადარიგოთა სკამიდან წამოხტნენ, როდესაც ფრანცისმა მოედანი დატოვა. ორივემ გაიხადა შემოსაცმელი და კიდესთან მოედანზე გამოსვლის მზადყოფნას გამოხატავდნენ. ორივე მათგანი შეცვლაზე 56-ე წუთზე ერთდროულად გავიდა და ეტყობოდათ სურვილი თამაშის დასრულებამდე საკუთარი ნაკრებისათვის კიდევ რამდენიმე წუთი მიეძღვნათ.

სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. მათი ენთუზიაზმი უელსელთა შტაბის წევრმა ჩაახშო. ეს ადამიანი აშკარად განუზომელი ნიჭიერების მქონე ექიმი იყო, რომელმაც ერთ წუთში ორი დიაგნოზი დასვა.

ორივე მორაგბეს წვივის უკანა ნაწილის ტრავმა აწუხებდა და მატჩში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის, რომ კარგ ექიმს პაციენტების დაავადების დასადგენად მხოლოდ მათთვის ყურში ჩაჩურჩულება დასჭირდა. პატივისცემა მას! (გახსოვდეთ, რომ თავიდან მხოლოდ სარკასტულ აპლოდისმენტებზე ვთქვით უარი).

უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა ვორენ გათლანდმა მოგვიანებით დაადასტურა ბურჯებთან მოჩურჩულის გენიალობა, რადგან განაცხადა, რომ მასპინძლების მხრიდან “წესების მანიპულაციას” ადგილი არ ჰქონია. თურმე სმიტს და ბრაუნს ორივეს მძიმე ტრავმა ჰქონდა და რადგან ბურჯები იყვნენ, მათ ეს უბრალოდ დაავიწყდათ.

ქართველთა მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ჩანდა, თუმცა იგი ძალზედ ღირსეულად მოიქცა და მწვავე განცხადებისგან თავი შეიკავა: “არსებობს პროცესი, რომელიც შეამოწმებს იყო თუ არა შესაბამისი პროტოკოლი სრულად დაცული”.

ამ მომენტამდე გამოძიებასთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ გაგვიგია. გაგახსენდებათ, რომ უელსელები შარშან ფრანგი ბურჯის უდროო ტრავმის გამო მსგავს მდგომარეობაში აღმოჩდნენ და ამის გამო შეხვედრა წააგეს. შესაძლოა “მსოფლიო რაგბმა” გადაწყვიტა, რომ სამართლიანობის აღდგენა იყო საჭირო. თუ ეს მართლაც ასეა – ძალიან ცუდი! ამ რუბრიკაში ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მატჩისას საჭიროა დამოუკიდებელი სამედიცინო პერსონალის დანიშვნა, რომელიც შეაფასებს მოთამაშეთა ტრავმებს და ახლა ჩვენს მოთხოვნას ვაორმაგებთ.

რა თქმა უნდა მოედანზე მყოფ მესამე მსაჯს შეეძლო უბრალოდ ეკითხა, თუ რატომ გაკეთდა ცვლილებები და იქნებოდნენ თუ არა გამოცვლილი ბურჯები მზად მოედანზე დასაბრუნებლად, თუმცა ვვარადობთ, რომ ამას ისეთი რამ სჭირდება, რაც თამაშის მაღალ ეშელონებს არ გააჩნიათ: პატიოსნება.

რაც არ უნდა იყოს, იმედია საქართველო მალე მიიღებს რევანშის შანსს – უკვე ექვსი (ან თუნდაც შვიდი) ერის ფარგლებში.

კი მათ აქვთ გარკვეული პრობლემები, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ კარდიფში მათ გარჯას – უკვე დროა მოვლენები სწორედ ასე განვითარდეს”.