პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირში შეკრიბეს საგანგაშო ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ
პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირში შეკრიბეს საგანგაშო ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ

ევროკავშირში აცხადებენ, რომ შეკრიბეს საგანგაშო ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

სტანოს თქმით, ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის საზღვრებთან არსებული ვითარების მონიტორინგს და ცოტა ხნის წინ მიღებული ინფორმაცია საკმაოდ საგანგაშოა. სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მოპოვებულ ინფორმაციას საკუთარ პარტნიორებს უზიარებს, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და პარტნიორებთან ერთად შემდგომი ნაბიჯების განხილვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ამასთან, პრესსპიკერის თქმით, როდესაც საქმე ეხება სტანდარტულ სამხედრო წვრთნებს, არის გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული; კერძოდ ეს არის პარტნიორების დროული ინფორმირება ამ წვრთნების შესახებ, რაც არ მომხდარა ამ წლის დასაწყისში.

პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციის ანალიზს და მონაცემთა გაცვლას. გარდა ამისა, მისი თქმით, 15 ნოემბერს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი დისკუსიები, უკრაინის საზღვართან რუსული შეიარაღებული ძალების ზრდასთან დაკავშირებით.

ოქტომბრის ბოლოს „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსული შეიარაღებული ძალების ზრდის შესახებ. სამხედრო ანალიტიკოსები, რომლებიც სააგენტომ გამოკითხა, ამტკიცებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ჯარების შეკრება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. მათი თქმით, რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნების დასრულების შემდეგ, სამხედროები არ დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილებს და რუსეთ-უკრაინის საზღვარზე განთავსდნენ. გასულ კვირაში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამჟამად საზღვართან დაახლოებით 90 000 რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.