პიტერ სოდერმანსი – საქართველო იმსახურებს, რომ ევროპის საფრენოსნო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავოს
ავიაცია მიჩნეულია სფეროდ, სადაც ბევრი რეგულაციებია, ძნელია რაღაცის გაკეთება, მაგრამ საქართველოში მოხდა პირიქით. საქართველომ სხვა მიდგომა აჩვენა. საქართველოსთვის ავიაცია არის შესაძლებლობა ტურიზმისთვის, ინვესტიციებისთვის, რეგიონული განვითარებისთვის, ადამიანების დაკავშირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპატიო კონსულმა ლუქსემბურგში, მფრინავმა პიტერ სოდერმანსმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იმსახურებს, რომ ევროპის საფრენოსნო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავოს, აქ შეიძლება ქვეყნების, კულტურების და ადამიანების დაკავშირება.
„ჩემთვის დიდი პატივია წავრსდგე თქვენს წინაშე. მე გახლავართ საპატიო კონსული ლუქსემბურგში, ასევე ამ ავიაექსპედიციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს საღამო პირადად ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენ გვახსოვს ქალბატონ მარიამთან დისკუსია ლუქსემბურგში, როგორ ვფიქრობდით, კერძო პილოტები მოგვეწვია საქართველოში. იმ დროს ეს ჯერ კიდევ გეგმა იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ვუყურებთ ამდენ პილოტს, ამდენ საჰაერო ხომალდს, რომელიც საქართველოშია ჩამოსული, ეს გეგმა მართლაც იქცა რეალობად. მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო ბატონ ელჩს, რომელიც ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს ამ ექსპედიციას. მისი ჩართულობა პროტოკოლის ფარგლებსაც კი გასცდა. ის თვალს ადევნებდა პროექტის განხორციელებას, ჩართული იყო მომზადების პროცესში. ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო, რომ ეს ადამიანი ჩემს გვერდით იყო. მე მყავს ორადგილიანი, მცირე ზომის თვითმფრინავი, აქ ბათუმიდან ჩამოვფრინდით, ეს გამოცდილება ძალიან სასიამოვნო იყო. რამდენიმე დღის წინ ეს თვითმფრინავები გაფანტული იყო ევროპაში, მაგრამ დღეს საქართველოში მოვუყარეთ თავი. პილოტების 95% საქართველოში პირველად ჩამოფრინდა, ისინი ნამდვილად არ იცოდნენ, რა ელოდათ. საქართველოში რაც ვნახეთ, გასცდა ჩვენს მოლოდინს, აქ იყო შესანიშნავი პეიზაჟები, შესანიშნავი სტუმართმოყვარეობა, ავიაციის მიმართ ღიაობა. ამ ყველაფრის დანახვა ძალიან სასიამოვნოა“, – განაცხადა პიტერ სოდერმანსმა.
მისი თქმით, ავიაცია უფრო მეტია, ვიდრე ერთი აეროდრომიდან მეორე აეროდრომზე დაშვება, რადგან აქ თავს იყრიან მეწარმეები, ოჯახები, რაც ხშირად სცდება უბრალოდ ტურიზმს.
„ჩევნთან არიან პილოტები იტალიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი დელეგაციაა თურქეთიდან და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნიდან. ისინი ამ სასტუმროში დარჩებიან, ისიამოვნებენ რესტორნით, ღვინით, ეწვევიან რეგიონს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გახდა მაღალი ფასეულობის კარიბჭე მაღალი ღირებულების ტურიზმისთვის საქართველოში. ჩვენი ექსპედიცია არ იყო უბრალოდ პილოტების ჯგუფის ჩამოყვანა. ჩვენ გვინდოდა, გაგვეხსნა კიდევ ერთი კარი საქართველოსთვის და გვეჩვენებინა პილოტებისთვის მთელი ევროპიდან, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსვლა შეიძლება. აქ გულითადად გვიღებენ კარს და ღირს ამ ქვეყნის კარგად დათვალიერება. ამას გავუზიარებთ მეგობრებს ევროპაში. ავიაცია მიჩნეულია ისეთ სფეროდ, სადაც ბევრი რეგულაციებია, სადაც ძნელია რაღაცის გაკეთება, მაგრამ საქართველოში მოხდა პირიქით. საქართველომ სხვა მიდგომა აჩვენა. საქართველოსთვის ავიაცია არის შესაძლებლობა – შესაძლებლობა ტურიზმისთვის, შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის, შესაძლებლობა ასევე რეგიონული განვითარებისთვის, შესაძლებლობა, რომ ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს. „ამბასადორის საავიაციო სოფელში“ რაც შეიქმნა, ეს არის მარტივი გზავნილი საერთაშორისო ავიაციის საზოგადოებისთვის, რომ საქართველო კარს უღებს ავიაციას, საქართველო მიესალმება პილოტებს და ის ღიაა მსოფლიოსთვის.
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს ავიაციის წარმომადგენლებს, ასევე „ამბასადორი ჯგუფს“, ბატონ თორნიკე ქებურიას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ექსპედიციის განხორციელებაში. აქ აპრილში ვიყავი, თორნიკე ქებურია მაჩვენებდა ამ ადგილს და მეუბნებოდა, რომ აეროდრომის აშენება უნდა, მაგრამ იმ დროს ეს მიწაც კი არ იყო მისი. ეს იყო მისთვის დიდი გამოწვევა, დაიწყო ნულიდან და 4 თვეში პირობა შეასრულა. ამბობდნენ, რომ ავიაციის რუკაზე ეს ადგილი არ არისო და სად მიგყავართო. ბატონი თორნიკე აპლოდისმენტებს იმსახურებს. ჩვენი ექსპედიცია არ უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გავხდეთ ამბასადორი ელჩები ჩვენს ქვეყნებში. ყველას უნდა მოვუყვეთ კახეთის შესახებ, ბათუმის შესახებ, ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესახებ და აქ არსებული სტუმართმოყვარეობის შესახებ. საქართველო იმსახურებს, რომ ევროპის საფრენოსნო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავოს. აქ შეიძლება ქვეყნების დაკავშირება, კულტურების დაკავშირება და ადამიანების დაკავშირება“, – განაცხადა პიტერ სოდერმანსმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.