პიტერ სიიარტო - ვაშინგტონში ვიქტორ ორბანი და დონალდ ტრამპი, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს განიხილავენ
მომდევნო კვირაში ვაშინგტონში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„რაც შეეხება ჩვენს ენერგომომარაგებას, მომავალი კვირის მეორე ნახევარში პრემიერ-მინისტრს ვაშინგტონში შესაძლებლობა ექნება, ეს საკითხი პირადად აშშ-ის პრეზიდენტთან განიხილოს“, – განაცხადა სიიარტომ.
სიიარტოს თქმით, აშშ-ის ახალი სანქციები ნოემბრის ბოლომდე არ ამოქმედდება და ამჟამად ის არანაირ პრობლემას არ ქმნის და რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის იმპორტის შემცირებას არ იწვევს.
მანამდე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მუშაობს გზებზე, როგორ აუაროს გვერდი რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს.
ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სანქციები დაწესდა „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ შვილობილ კომპანიებზეც. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას და კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვას, ომის გასაგრძელებლად შემოსავალი მიიღოს.