პიტერ სიიარტო - უნგრეთისა და აშშ-ის პოლიტიკური ურთიერთობები ახლა ოქროს ხანაში შედის, ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ისეთი ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ, როგორიც არასდროს გვქონია
უნგრეთისა და აშშ-ის პოლიტიკური ურთიერთობები ახლა ოქროს ხანაში შედის, ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ისეთი ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ, როგორიც არასდროს გვქონია, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სიიარტოს თქმით, ვიქტორ ორბანი და დონალდ ტრამპი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ მაშინაც კი, როცა ტრამპი ჯერ კიდევ არ იყო არჩეული პრეზიდენტად.
„ფლორიდაში გამართულ შეხვედრას რაც შეეხება ორბანსა და ტრამპს შორის, ეს შეხვედრა გაგრძელდა სამ საათს. ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპი, მაიკ უოლცი და ილონ მასკი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება. ორბანი და ტრამპი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ მაშინაც კი, როცა ტრამპი ჯერ კიდევ არ იყო არჩეული პრეზიდენტად, საარჩევნო კამპანიის დროს, და მათ რამდენჯერმე ჰქონდათ საუბრის შესაძლებლობა. ამ შეხვედრის მნიშვნელობა კიდევ უფრო იყო გაზრდილი, რადგან ხდება ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკაში – დიჯიტალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იქონიებს მომავალში, როგორც ცალკეული ქვეყნების ეკონომიკაში, ისე ზოგადად მსოფლიო ეკონომიკაში. ილონ მასკი და მისი კომპანიები ამ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. უნგრეთისა და აშშ-ის პოლიტიკური ურთიერთობები ახლა ოქროს ხანაში შედის, ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ისეთი ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ, როგორიც არასდროს გვქონია. დისკუსიის ბოლოს გახარებულები იყვნენ ისინი, ვინც მსოფლიოში მშვიდობას უჭერენ მხარს და როდესაც ტრამპმა მოიგო არჩევნები, ამითაც გახარებულები იყვნენ ისინი, ვინც უკრაინაში მშვიდობას უჭერს მხარს“, – განაცხადა სიიარტომ.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, უნგრეთის სამშვიდობო მისიის საჭიროება კვლავ არსებობს.
„სულ რამდენიმე დღე რჩება ტრამპის ინაუგურაციამდე და ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ არც აშშ-ში და არც ევროპაში არავინ მიიღებს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც დასაბამს მისცემს შეუქცევად პროცესებს და რომლებიც 20 იანვრის შემდეგ უკრაინაში მშვიდობის სწრაფად დასადგურებას შეუძლებელს გახდის. მაგრამ ვიდრე ომი გრძელდება, უნგრეთის სამშვიდობო მისიის საჭიროება კვლავაც არსებობს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდა რომის პაპს, მე გახლდით მოსკოვში, ვაშინგტონში და მალტაში. ასევე, პრემიერ მინისტრთან ერთად გახლდით ფლორიდაში და მომდევნო დღეებში ჩვენი სამშვიდობო მისიის ფარგლებში კიდევ რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც მომდევნო დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა სიიარტომ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.