პიტერ სიიარტო – უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის წინააღმდეგ გამოვლენ, დავიცავთ უნგრელ ოჯახებს იმისგან, რომ ზელენსკის შანტაჟის გამო ორ-სამჯერ მეტი გადაიხადონ, ვიდრე მანამდე

22:09, 12.06.2025

უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის წინადადების წინააღმდეგ გამოვლენ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

სიიარტოს თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ლუქსემბურგში „დიდი ბრძოლა“ გაიმართება.

„დიდი ბრძოლა იქნება ლუქსემბურგში ორშაბათს. ფონ დერ ლაიენ-ზელენსკის წინადადება, რომლითაც სურთ, გვაიძულონ, რუსეთისგან არ ვიყიდოთ ბუნებრივი აირი, ნავთობი და ბირთვული საწვავი, ენერგეტიკის მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში იქნება“, – წერს სიიარტო.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ბრიუსელს სურს უკრაინის მხარდაჭერა უნგრელი ოჯახებისთვის კომუნალური ხარჯების ორჯერ ან სამჯერ გაზრდით.

„დღეს ჩემს კოლეგასთან, იურაი ბლანართან სატელეფონო საუბრისას განვიხილეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ჩვენი სუვერენიტეტის ასეთ უხეშ დარღვევას ვერ მივიღებთ. ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბება სუვერენიტეტის საკითხია და გარედან ვერავინ ჩაერევა ამაში. ორშაბათს ლუქსემბურგში დავიცავთ უნგრელ ოჯახებს იმისგან, რომ პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გამო ორჯერ ან სამჯერ მეტი გადაიხადონ, ვიდრე მანამდე!“ – აღნიშნა სიიარტომ.

მსგავსი