პიტერ სიიარტო - მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით
პიტერ სიიარტო - მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

საქართველოს სამუშაო ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია.

საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე და პროგრამაში საქართველოს გამორჩეულ როლზე ისაუბრა.

„უნგრეთი, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთით განლაგებული ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი მხარდამჭერია, სადაც საქართველო ნამდვილად ძირითად როლს თამაშობს. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას განვიხილავთ, როგორც საუკეთესო მექანიზმს ევროკავშირის გაძლიერებისთვის. ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით გასაძლიერებლად, სწორედ ევროკავშირის გაფართოების პროცედურები და ახალი პარტნიორების, ახალი მოკავშირეების ძებნა არის საჭირო. ამ მიმართულებით, საქართველო გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოხარული ვართ, რომ საქართველო დგამს ამ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. შეგიძლიათ უნგრეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – განაცხადა სიიარტომ.

პრესკონფერენციაზე სიიარტომ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-სთან უფრო ძლიერი თანამშრომლობის აუცილებლობას, კვლავ დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა ამ გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კონტრიბუცია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში იძლევა ნატო-სთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის უფლებას.

უნგრელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს 9%-ით შემცირდა გლობალური ვაჭრობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ჩვენ 9%-ით გავზარდეთ ვაჭრობა. უნგრული ფარმაცევტული კომპანია საქართველოში მოქმედ 10 წამყვან კომპანიებს შორისაა, ქუთაისში წარმატებით მუშაობს უნგრული ავიაკომპანია WizzAir, აქტიურად ვთანამშრომლობთ თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში, ასევე შესაძლოა, უნგრული კომპანიები ჩართული იყვნენ საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის წყლის მომარაგების სიტემის უზრუნველყოფაში. უნგრულმა Exim ბანკმა 140 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი გამოყო, რათა გამარტივდეს უნგრული კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე და განვითარდეს უნგრულ-ქართული ბიზნესების თანამშრომლობა. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ცენტრალურ ევროპაში ენერგომომარაგების დივერსიფიცირების კუთხით. უნგრეთის ინტერესშია, რომ კავკასიის გაზი ჩავიდეს ცენტრალურ ევროპაში და ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, როგორც სატრანზიტო ქვეყანას“, – განაცხადა მან.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. სიიარტოს განცხადებით, აქტიურია უნგრული სტიპენდიების მოთხოვნა საქართველოდან და წელს 262-მა სტუდენტმა შეიტანა შესაბამისი განაცხადი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში.

პრესკონფერენციის დასასრულ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი და საქართველო კვლავაც განაგრძობენ მუშაობას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.