პიტერ სიიარტო - ანტალ როგანის დასანქცირება არის პირადი შურისძიების აქტი, რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღიქვამენ მეგობრად და არა მტრად
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსნის, ანტალ როგანის მიმართ აშშ-ის სანქციებს გამოეხმაურა.
სიიარტომ ანტალ როგანის წინააღმდეგ აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
„ეს არის პირადი შურისძიების აქტი ამერიკის წარუმატებელი ადმინისტრაციის მხრიდან უნგრეთში მოვლენილი ელჩის, რომელიც ახლა წარუმატებლად და სამარცხვინოდ ტოვებს თანამდებობას. ეს ქმედება მიმართულია ანტალ როგანის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღიქვამენ მეგობრად და არა მტრად“, – განაცხადა სიიარტომ.
აშშ-მა „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანტალ როგანს სანქციები დაუწესა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაშია აღნიშნული, „დასანქცირების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ აშშ-ის ფინანსური სისტემა არავითარ როლს არ ითამაშებს ანტალ როგანის კორუფციული საქმეების ფასილიტაციაში“.