პიტერ ლიუისი - აგვისტოს ომის თემაზე ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, რუსეთი კი არ თანამშრომლობს
პიტერ ლიუისი - აგვისტოს ომის თემაზე ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, რუსეთი კი არ თანამშრომლობს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრი პიტერ ლიუისი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის თემაზე აგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და რუსეთი მათთან კვლავ არ თანამშრომლობს.

როგორც მან თბილისში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა, გამოძიების ყველა დეტალზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია.

„ჩვენი გამოძიება იმ ეტაპზეა, როდესაც უნდა შევინარჩუნოთ კონფიდენციალურობა. ამიტომ, ვშიშობ, გამოძიების ყველა დეტალს ვერ გაგანდობთ. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან. მართალია, რუსეთი ჩვენთან არ თანამშრომლობს, მაგრამ გვაქვს გამოცდილება, როდესაც გამოძიებაში ყველა მხარის ჩართულობა ვერ ხდება, თუმცა მაინც ვახერხებთ, შევასრულოთ ჩვენი სამუშაო. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა.

რაც შეეხება საქართველოს და მის შიდა პოლიტიკურ ნაწილს, რა თქმა უნდა, გააჩნია იმ მტკიცებულებებს, რაც წარდგენილი იქნება ICC-სთვის, თუმცა პროკურორი ეძებს მტკიცებულებებს და არაა ორიენტირებული გამოთქმულ განცხადებებზე, რადგან პოლიტიკურ განცხადებებს სჭირდება გადამოწმება და საბოლოოდ, მას უნდა ჰქონდეს უტყუარი მტკიცებულების სახე“, – აღნიშნავს პიტერ ლიუისი.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. მათ შორის გამოძიება შეეხება ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს.