პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პენტაგონი იწყებს ექვსთვიან შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც გადაიხედება ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალებისა და ბაზების რაოდენობა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პენტაგონი იწყებს ექვსთვიან შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც გადაიხედება ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალებისა და ბაზების რაოდენობა.
მისი თქმით, ვაშინგტონის წლიური შენატანები ნატო-ში დამოკიდებული იქნება იმაზე, აკმაყოფილებენ თუ არა წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯების განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს.
ჰეგსეტის განმარტებით, გასული წლის ჰააგის სამიტზე დონალდ ტრამპის ლიდერობით დამტკიცებული ახალი 5%-იანი სტანდარტი ნატო-ს ტრანსფორმაციას ემსახურება, რათა ის რეალური სამხედრო ალიანსი გახდეს.
ჰეგსეტის თქმით, „ნატო 3.0“-ის მოდელი მიზნად ისახავს, ევროპის თავდაცვაში წამყვანი როლი თავად მოკავშირეებმა იკისრონ. მისი შეფასებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ალიანსის შექმნა და ნატო არ უნდა იყოს სრულად დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. ევროპა თავად უნდა იყოს ძლიერი სამხედრო ძალა, ძლიერი ამერიკის მოკავშირე.
„დღეს ვაცხადებ ომის დეპარტამენტის ექვსთვიანი გადახედვის პროცესის დაწყებას, რომელიც შეისწავლის ევროპაში ამერიკული ძალებისა და ბაზების განლაგებას. ამ პროცესში ჩართული იქნებიან აშშ-ის შეიარაღებული ძალები და ევროპული სარდლობა. ასევე, გაიმართება კონსულტაციები აშშ-ის კონგრესთან და ჩვენს მოკავშირეებთან. თუმცა, ერთი რამ ცხადია – ამ გადახედვის მიზანია, უზრუნველყოს, რომ ნატო სწრაფად და შეუქცევადად გადავიდეს მოდელზე, სადაც ევროპა იქნება ლიდერი და საკუთარ თავდაცვაზე ძირითად პასუხისმგებლობას აიღებს. მომავალში ჩვენი წლიური შენატანები ნატო-ში დამოკიდებული იქნება იმაზე, ასრულებენ თუ არა სხვა ქვეყნები თავდაცვის ხარჯების სამიზნე მაჩვენებლებს. თუ მოკავშირეები საკმარისი ტემპით არ გაზრდიან ხარჯებს, ჩვენი შენატანებიც შემცირდება. ნატო ორმხრივი პროცესი უნდა იყოს. ეს უბრალოდ ჯანსაღი ლოგიკაა. ამერიკას არ შეუძლია ევროპის თავდაცვისთვის იმაზე მეტი გადაიხადოს, ვიდრე თავად ევროპელი მოკავშირეები იხდიან“, – განაცხადა ჰეგსეტმა.