პიტ ჰეგსეტი - ტრამპის ხელმძღვანელობით ამერიკა დაბრუნდა, ის სერიოზულად არის განწყობილი ნარკოტიკების ნაკადის შეჩერების, ასევე ჩვენგან მოპარული ნავთობის დაბრუნების საკითხების მიმართ
პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს ამერიკა დაბრუნდა, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ვენესუელაში აშშ-ის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა და მას „ისტორიული“ უწოდა.
მისი თქმით, ეს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას, დაცულობას, თავისუფლებას და კეთილდღეობას ეხება.
„სიტყვებით ძლივს გადმოვცემთ ამ ისტორიული ოპერაციის სიმამაცეს, ძალასა და სიზუსტეს. სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების მასშტაბური ერთობლივი რეიდი, რომელიც უნაკლოდ შესრულდა ჩვენი ქვეყნის უდიდესი ამერიკელების მიერ. ამერიკელი მეომრები შეუდარებელი არიან, მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში საუკეთესოები. ამ ტიპის ოპერაციის განხორციელება არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია. არცერთ სხვა პრეზიდენტს ამ ტიპის ლიდერობა, გამბედაობა არ გამოუვლენია. ეს არის ყველაზე ძლიერი კომბინაცია, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს. ეს ეხება ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას, დაცულობას, თავისუფლებას და კეთილდღეობას. ეს არის ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ეს არის მშვიდობა ძალის გამოყენებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2026 წელს, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ამერიკა დაბრუნდა“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
ამასთან, ომის მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ „მოპარულ ნავთობს დაიბრუნებს“.
„ნიკოლას მადუროს ჰქონდა თავისი შანსი, ისევე როგორც ირანს ჰქონდა შანსი. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი ჩვენს ქვეყანაში ბანდებისა და ძალადობის ნაკადის შეჩერების მიმართ; სერიოზულად არის განწყობილი ნარკოტიკებისა და საწამლავის ნაკადის შეჩერების მიმართ; ასევე, ჩვენგან მოპარული ნავთობის დაბრუნებისა და დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკული შეკავებისა და დომინირების აღდგენის საკითხის მიმართ“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.