პიტ ჰეგსეტი – რატომ ვძულვართ დემოკრატებსა და „დიფ სთეითის“ რადიკალებს? იმიტომ, რომ ჩვენ მათი ხელშეუხებელი კერპები სათითაოდ და უპირობოდ დავამხეთ

12:30, 06.11.2026

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ირანთან ომი „გაბედულ და ისტორიულ“ ნაბიჯად შეაფასა.

ჰეგსეტი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „სამარცხვინო სპექტაკლია“.

„მათი პოლიტიკა არ მუშაობს, ამიტომ ოპონენტის განადგურებას პოლიტიკური თეატრით ცდილობენ. ეს პირადი განადგურების პოლიტიკაა. პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არ გამოუვიდათ და ჩემ წინააღმდეგაც არ გამოვა. შეგიძლიათ, ამაში დარწმუნებული იყოთ“, – აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.

მისივე თქმით, თავდაცვის უწყებას იმიტომ ესხმიან თავს, რომ ის ეფექტიანია.

„თავს გვესხმიან, რადგან ეფექტიანები ვართ. ეს არ იმუშავებს. უკან არ დავიხევთ. ეს ბრძოლა კი ხელისუფლებიდან წასვლის პირას მყოფი კონგრესის სესიაზეც გაგრძელდება“, – განაცხადა თავდაცვის მდივანმა.

ამასთან, როგორც ჰეგსეტმა აღნიშნა, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით,  ომის დეპარტამენტი თავის ძირითად ფუნქციას, ბრძოლისუნარიანობას დაუბრუნდა. მისი განცხადებით, დეპარტამენტმა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პოლიტიკას ბოლო მოუღო, წარუმატებელი ლიდერები გაათავისუფლა, მსოფლიოში შემაკავებელი ძალა აღადგინა, ჯარში რეკრუტირება ისტორიულ მაჩვენებლამდე გაზარდა, სამხედრო ძალები და თავდაცვის ინდუსტრია უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი ხდება.

„რატომ ვძულვართ დემოკრატებსა და „დიფ სთეითის“ რადიკალებს? იმიტომ, რომ ჩვენ მათი ხელშეუხებელი კერპები სათითაოდ და უპირობოდ დავამხეთ. თანასწორობისა და ინკლუზიის პოლიტიკა მარქსისტული იდეოლოგიაა, რომელიც ჩვენს გასანადგურებლად შეიქმნა, ამიტომ ჩვენ ის გავანადგურეთ. ჩვენი ძალა მრავალფეროვნება არ არის, ჩვენი ძალა ერთიანობაა. ქალი და მამაკაცი ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ჯარში ორივე ერთსა და იმავე სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. „პატრიოტული ექსტრემიზმი“ არ არსებობს. პატრიოტები ახლა კონტროლს ფლობენ. ტრანსგენდერობა ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც სამხედრო სამსახურთან შეუთავსებელია“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.

მისივე განმარტებით, პრესა ამერიკაში თავისუფალია, მაგრამ არა იმდენად, რომ პენტაგონის საიდუმლო სივრცეებში თავისუფლად გადაადგილდებოდეს.

ირანთან ომზე საუბრისას ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ეს ომი უზრუნველყოფს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს.

მისივე თქმით, სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად დამატებითი დაფინანსებაა საჭირო. ჰეგსეტმა კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს, სულ მცირე, 350 მილიარდი დოლარის მოცულობის საბიუჯეტო კანონპროექტს.

კონგრესში პიტ ჰეგსეტის მიმართ ოპონენტების კრიტიკა გამწვავდა და ირანთან ომის გამო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, შესაძლოა, მისი იმპიჩმენტის საკითხს კენჭი უყაროს. პენტაგონის განცხადებით კი, ჰეგსეტი „100-პროცენტით მზადაა“, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უხელმძღვანელოს უწყებას.

მსგავსი