პიტ ჰეგსეტი - ნატო-ში თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ის 5%-მდე მოხდება ან უნდა მოხდეს ჰააგის სამიტზე თვის ბოლოს
პიტ ჰეგსეტი - ნატო-ში თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ის 5%-მდე მოხდება ან უნდა მოხდეს ჰააგის სამიტზე თვის ბოლოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ნატო-ში თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა მოხდება.

ამის შესახებ პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი თავდაცვის ხარჯებია.

„ალიანსი რომ იყოთ, უნდა იყოთ დროშებზე მეტი, თქვენ უნდა იყოთ ფორმირებები. თქვენ უნდა იყოთ მეტი, ვიდრე კონფერენციები, უნდა იყოთ საბრძოლო მზადყოფნის ძირითადი შესაძლებლობა. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ, რათა გავაგრძელოთ სამუშაო, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო, რაც არის თავდაცვის ხარჯების 5%-იანი ვალდებულება ამ ალიანსში, რაც, ვფიქრობთ, მოხდება ან უნდა მოხდეს ჰააგის სამიტზე ამ თვის ბოლოს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე უნდა გაზარდონ. ამჟამინდელი სამიზნე მაჩვენებელი 2%-ია.

ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ეს შეხვედრა ბოლო ამგვარი მინისტერილია 24-25 ივნისს ჰააგაში დაგეგმილ ალიანსის სამიტამდე.